იმედი გვაქვს, რომ ვიდრე დღის წესრიგში დადგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, მანამდე ევროკავშირი დაძლევს ყველა ამ პრობლემას, რაც არის დაკავშირებული დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დეფიციტთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.
პრემიერის თქმით, ევროპული ბიუროკრატია არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაეცვა ევროპის ობიექტური ინტერესები.
„სამწუხაროდ, ევროპის კონტინენტზე განვითარდა მოვლენები, რამაც მთლიანად ევროპას და მათ შორის, კონკრეტულად ევროკავშირს სერიოზული ზიანი მიაყენა. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაეცვა ევროპის ობიექტური ინტერესები. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია სამწუხაროდ, არსებითად იმართება გარე გავლენებით, შესაბამისად, მათ უჭირთ ობიექტურ ინტერესებზე დაფუძნებით გადაწყვეტილებების მიღება.
სუვერენიტეტის დეფიციტი არის ევროპის მასშტაბით მთავარი პრობლემა. ევროპის მასშტაბით რამდენიმე სახელმწიფო შემორჩა, რომელიც მტკიცედ იცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
ეს არის საერთო პრობლემა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიდრე დღის წესრიგში დადგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, მანამდე ევროკავშირი დაძლევს ყველა ამ პრობლემას, რაც არის დაკავშირებული დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დეფიციტთან“, - განაცხადა პრემიერმა.