იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს „დიფ სთეითის“ გავლენების შემცირებას, შესუსტებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას.

„ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში თავიდანვე იყო დადებითი მოლოდინი, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი აირჩა თანამდებობაზე და ეს მოლოდინი უკავშირდებოდა იმას, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში არსებითად შეიცვლებოდა ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამას ჰქონდა მყარი საფუძველი და მყარი საფუძველი იყო იდეოლოგიური, ღირებულებითი თანხვედრა, რაც აშკარად ჩანს საჯარო განცხადებებიდან. საუბარი მაქვს თანხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ხელისუფლებებს შორის. ამ თანხვედრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლოდინი არსებობდა. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გამოვხატოთ ოპტიმისტური განწყობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს „დიფ სთეითის“ გავლენების შემცირებას, შესუსტებას და ასეთ შემთხვევაში, მგონია, რომ წინ ვერაფერი დაუდგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.