ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდა, ის ფაქტიც, რომ რეიტინგების კუთხით გვაქვს და ვინარჩუნებთ ძალიან კარგ მდგომარეობას, არის მნიშვნელოვანი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც Fitch-ის რეიტინგის თანახმად ქვეყნის სუვერენული რეიტინგის უცვლელად დატოვებას შეეხებოდა.  

  მისივე თქმით, მთავრობას აქვს ძალიან მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკა და მომდევნო 4 წლის მიზანია, დამატებით 40 მლრდ ლარით გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა.

    „ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკა, ძალიან კარგი მენეჯმენტი და სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. შესაბამისად, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდა. თავისთავად, ის, რომ რეიტინგების კუთხით გვაქვს კარგი მდგომარეობა, ვინარჩუნებთ ძალიან კარგ მდგომარეობას, ესეც არის მნიშვნელოვანი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ყველას ვპირდებით, რომ ის მიზნები, რაც პროგრამაშია დასახული აუცილებლად შესრულდება. ჩვენი მიზანია დამატებით 40 მლრდ ლარით გავზარდოთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს დაპირება შევასრულოთ,“- განაცხადა პრემიერმა.