ზოგადად, საჭიროა ასეთ დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას.
„სამწუხაროდ, მტკიცებულებები არ არსებობს, ჩვენთვის რთულია ამ თემასთან დაკავშირებით რეაგირება, როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ასეთი მძიმე ბრალდებები ჟღერდება, საუბარია „ეფესბეს“ აგენტობაზე, იმაზე, რომ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებაზე ახდენს ჭარბ გავლენას, როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, ამას უნდა მოჰყვეს ხოლმე მტკიცებულება.
გახსოვთ, სასამართლოსთან დაკავშირებით მოსამართლეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების დროს არანაირი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა, რაც, ზოგადად, ჩვენ გვირთულებს რეაგირებას. ზოგადად, საჭიროა ასეთ დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ. როცა მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს არის შემაშფოთებელი“, - განაცხადა კობახიძემ.