საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართა.


მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს.

შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პრიორიტეტულობის დემონსტრირებაა. მთავრობის მეთაურმა შარლ მიშელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად ჩართულობასა და მხარდაჭერას აფასებს. თავის მხრივ, შარლ მიშელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უპრეცედენტო იმპულსი შექმნა და საქართველოს ხელისუფლება შემდგომი პროგრესის მისაღწევად აქტიურ მუშაობას აგრძელებს.  
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ინსტიტუტების შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი იქნება.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმების პროცესის წინსვლისთვის აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.  ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლის განხორციელებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე გაუგზავნა მოწვევა OSCE-ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას და ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის საჭიროება აღნიშნა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. ირაკლი კობახიძემ და შარლ მიშელმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.