პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას - შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბიუჯეტის ზრდა გადანაწილდება ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, თავდაცვის სფეროებზე, ასევე რეგიონული განვითარების მიმართულებაზე.
„რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ზრდის მაჩვენებელი. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას. სამომავლოდ შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი. ეს ზრდა გადანაწილდება არსებითად ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა ასევე რეგიონული განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტად ზრდის დაჩქარება, რაც პირდაპირ აისახება ბიუჯეტზე და ეს მონაცემებიც არის ამის ძალიან კარგი მაგალითი“, - განაცხადა პრემიერმა.