„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  უკრაინის რადას დეპუტატის განცხადებაზე განაცხადა, რომ მის სიტყვას ფასი არ აქვს. 

„ასეც და ისეც, გონჩარენკოს არცერთი სიტყვა არ არის ღირებული. თქვენ იცით, ვინ არის ეს კაცი, ხომ?! გიორგიევსკის ლენტით დარბოდა ჯერ და მერე გახდა უკრაინის გულმხურვალე გულშემატკივარი. არავითარი ფასი არ აქვს არც უკრაინაში სხვათა შორის და მით უმეტეს, ჩვენთანაც ვერ ექნება გონჩარენკოს რაიმე სიტყვას რაიმე ფასი. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება, გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობები, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა შემთხვევაში დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ერთი ის არის, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საუკუნოვან მეგობრობას საქართველოსა და უკრაინას შორის, ქვეყნებს შორის, ხალხებს შორის და მეორე – უკრაინა, ეს ქვეყანა დღეს არის ომის მდგომარეობაში. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ უნდა დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში თუნდაც, უკრაინის ხელისუფლებასთან, მიუხედავად ამ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებისა, რომლებიც გადაიდგა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, „თუ არაფერი შეიცვლება სააკაშვილზე, ვფიქრობ, ელჩს უკრაინაში დაბრუნების უფლება აღარ მიეცემა“.