„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე, პარტიის ადვოკატთან ლაშა ტყეშელაძესთან ერთად, გენერალურ პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართავს. პარტიის წევრების განცხადებით დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში ირაკლი ღარიბაშვილი არათუ გადადგებოდა არამედ დღეს საბრალდებო სკამზე იჯდებოდა;
„დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში ირაკლი ღარიბაშვილი არათუ გადადგებოდა არამედ დღეს საბრალდებო სკამზე იჯდებოდა.
ჩვენ არ გვაქვს არანაირი მოლოდინი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ერთ-ერთი განშტოება საქართველოს პროკურატურა, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად არის ქცეული დაინტერესდება ღარიბაშვილის სავარაუდო კორუფციული მოღვაწეობით, თუმცა აუცილებლად მიგვაჩნია საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას მივცეთ სამართლებრივი ფორმა და ოფიციალური განცხადებით მივმართოთ გენერალურ პროკურორს.
დიდი ალბათობით, როგორც ეს სხვა შემთხვევებშიც ხდებოდა, ეს განცხადებაც რეაგირების გარეშე შემოიდება თაროზე, მაგრამ როცა ძალიან მალე საქართველოს ეყოლება რეალურად დემოკრატიული ხელისუფლება, დამოუკიდებელი პროკურატურით და თავისუფალი სასამართლოთი ყველა საქმე რომელიც დღეს თაროზეა შემოდებული და უკავშირდება მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო კორუფციულ დანაშაულებს იხილავს მზის შუქს და სამართლიანობის საერთაშორისო პრინციპების დაცვით მათ მოუწევთ აგონ პასუხი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.
სახელმწიფო ხარჯზე ღარიბაშვილის ამერიკული ტურნე კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებად, რომლითაც დასჯადაა გამოცხადებული სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან თანამდებობის გამოყენებით, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამაც სახელმწიფო ინტერესის დარღვევა და სახელმწიფო ზიანი გამოიწვია, რაც ისჯება ჯარიმით და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
პრემიერის ოჯახის წევრის, მეუღლის დაბადების დღის წვეულებისთვის კოლოსალური ოდენობის ხარჯები უნდა წარმოადგენდეს ღარიბაშვილის, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ქრთამის აღებად (პირდაპირ ან არაპირდაპირ ქონებრივი სარგებლის ან უპირატესობის მიღება), რაც წარმოადგენს დანაშაულს, გათვალისწინებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 11-დან 15 წლამდე.
ორივე დანაშაულის გამოძიების და სავარაუდო ბრალდებულის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ვადა 15 წელია.“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ
„მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი დიდი გამოძიება აღნიშნულ საკითხს აღარ სჭირდება, ბრალი არის ხელის გულზე. ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც ხელი შეუწყო აღნიშნულ დანაშაულს, აღნიშნული პირიც აუცილებლად უნდა იყოს დაკავებული პროკურატურაში და მე მოვუწოდებ ირაკლი შოთაძეს, რომ მან შეასრულოს მისი ვალდებულება, ნუ გახდა „რუსული ოცნების“ ერთ-ერთი მცველი, ის არის საქართველოს პროკურორი და მან უნდა შეასრულოს ვალდებულება და ემსახუროს სამართლიანობას და ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რომლის სასჯელიც არის ხუთი წელი, მას უნდა დაადოს ბორკილები და ბრალი წაუყენოს.“ - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.