თეონა აქუბარდიას „ტყუილების თქმა წესად ექცა. ეჯერ თქვა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, თურმე დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ. ეს იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია. მან ძალიან კარგად იცის, რომ ქართული დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში არცერთ გადაწყვეტილებას არ აძლევს ხმას, რადგან ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი სახელმწიფო." – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში განაცხადა.
"თეონა აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი ნატ-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როცა ყოფილა შესწორება ანგარიშებში თუ რეზოლუციებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არცერთხელ დარბაზში არ მჯდარა. გაქცეული იყო შოპინგზე ან, მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. საკუთარი თავისთვის არასოდეს მიმიცია იმის უფლება, რომ მტრების დავალების შესრულებაში მისთვის ბრალი დაგვედო“ - განაცხადა ირაკლი ბერაიმა,
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, „ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა, ეგზისტენციალური საფრთხე და რუსეთის სამხედრო ოლქის მე-7 სამხედრო ბაზის არსებობით, უკიდურესად დამძიმებულია უსაფრთხოების გარემო. ოჩამჩირეში რუსული მცურავი საშუალებები, ე.წ. სანაპირო დაცვის საშუალებები ბაზირებულია 2009 წლიდან. საზღვაო ფლოტის განლაგების დაანონსება უკანონო აქტივობაა. რასაკვირველია, ოჩამჩირეზე განცხადება არის საყურადღებო და შემაშფოთებელი. იმ პირობებში, როდესაც რუსული ფლოტის ბაზირებისა და მომსახურების ადგილად ყირიმის ან ნოვოროსიისკის პორტების ოჩამჩირით ჩანაცვლებისთვის დღეს არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, მაღალი წყალწყვის გემების მიღებისთვის ზღვის ფსკერის საკმარისი სიღრმე არ არის, როცა მსგავსი ინფრასტრუქტურის მოწყობას წლები სჭირდება და დღეს ამ კუთხით არაფერი ხდება, როცა არ ვართ დარწმუნებული, განცხადების სისრულეში მოყვანის მიზნით, იქნება თუ არა გადადგმული რაიმე ნაბიჯები ან რა დოზით იქნება გადადგმული და რა რაოდენობის საცეცხლე შესაძლებლობების მქონე მცურავი საშუალებები განლაგდება, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, განლაგებამ ან არ განლაგებამ, შესაძლოა, ისედაც მძიმე გარემო არსებითად, დიდად არ შეცვალოს. როგორც ჩანს, თეონა აქუბარდიამ არ იცის „შესაძლოა“ და „არსებითად“ სიტყვების მნიშვნელობა და აღქმის, გააზრების პრობლემა აქვს.
ჩვენი კომიტეტი იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. არ მგონია, აქუბარდიას ან რომელიმე ოპოზიციონერს ოკუპაციის საკითხი ჩვენზე მეტად აწუხებდეს, ადარდებდეს. დეოკუპაციის მიზნით მათზე ცოტა მეტი გვაქვს გაკეთებული. ოკუპაციას ებრძვიან კონკრეტული ნაბიჯებით და არა „ფეისბუკქით“, როგორც ეს აქუბარდიას წარმოუდგენია. თეონა აქუბარდია არათუ დეზინფორმაციის გამავრცელებელია, არამედ თავად არის დეზინფორმაციის წყარო. ჩვეულებრივი მარია ზახაროვას ანალოგია. ეტყობა, მისთვის დიდი პატივია, რომ მარია ზახაროვას ვადარებ, მაგრამ ეს ფაქტია. სამწუხაროა, რომ მან ჩვენს კომიტეტში კონფრონტაციის გზა აირჩია და ამ გზაზე სერიულ მატყუარად, სამარცხვინო ადამიანად ჩამოყალიბდა. სამარცხვინო პოლიტიკოსებად ყალიბდებიან უღირსი ადამიანები და ასეთი ადამიანები არ არიან ღირსი, იყვნენ არათუ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, არამედ ამ ადამიანებს კომიტეტთან მიახლოების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ. რეალური მიზეზი, რის გამოც თეონა აქუბარდია ბოლო ერთი წელია, ჩვენს კომიტეტს და მეც არც თუ ისე სახარბიელოდ მოგვიხსენიებს, არის ის, რომ მას სხვადასხვა პლატფორმის დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება არ ეძლევა – მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან სელფების გადაღებებისა და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ „გასკდომის“ და გამოთრობის, გაშხლართვის საშუალება. ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, რაზე ვსაუბრობ. შესაბამისად, მოვუწოდებ, მისი გრძელი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.