საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ბერიას განცხადებით, ანტისახელმწიფოებრივი, დეზინფორმაციული და სამარცხვინოა განცხადება, რომ საქართველოს სამხედრო ძალები ნატო-ს სწავლებაში არ მონაწილეობს, რადგან თავდაცვის ძალებისთვის ამ სწავლებაში მონაწილეობა პრიორიტეტული არ არის. მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატოსთან დღითი დღე ღრმავდება და ძლიერდება.
„ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უმთავრესი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტი. რეგიონში გაზრდილი საფრთხეების პარალელურად, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველომ არათუ შეინარჩუნა ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის ხარისხი, არამედ ეს მიმართულება გახდა კიდევ უფრო ინტენსიური, რასაც ადასტურებს ნატო-ს მხრიდან პრაქტიკული წევრობის ინსტრუმენტების კიდევ უფრო გაფართოება და ამ გაფართოების ფარგლებში გადადგმული უპრეცედენტო მხარდაჭერის ნაბიჯები“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ სწავლებაზე „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც ნატო-ს არაერთი წევრი და პარტნიორი სახელმწიფო მონაწილეობდა. ასევე აღნიშნა, რომ წელს საქართველო 20 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს.
მისივე თქმით, ასეულობით სწავლება ტარდება და შესაძლოა, ყველა სწავლებაში მონაწილეობა არ იყოს შესაძლებელი კოლოსალური ხარჯების გათვალისწინებით, თუმცა, ეს დინამიკა მნიშვნელოვანია და საქართველო აქტიურად გააგრძელებს როგორც საერთაშორისო სწავლების მასპინძლობას, ასევე მასში აქტიურ მონაწილეობას.
„ის განცხადებები, რაც კეთდება და მიზნად ისახავს საპირისპიროს მტკიცებას, არის ანტისახელმწიფოებრივი. სწორედ მსგავსი განცხადებები და უპასუხისმგებლო სუბიექტების არსებობა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არის საჩუქარი ჩვენი ქვეყნის მტრისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.