პრაქტიკულად, 9 აპრილი არის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ორსაუკუნოვანი ბრძოლის კულმინაცია, - ამის შესახებ პროფესორმა, ფილოსოფოსმა, ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა 35 წლის წინ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა.
მისი თქმით, 1989 წლის 9 აპრილი ქართველი ხალხის უდიდესი ბრძოლა იყო, რომელმაც ქვეყნის ისტორია შეცვალა და დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი შეუქცევადი გახადა.
ირაკლი ბათიაშვილი კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ 9 აპრილი საქართველოში მხოლოდ გლოვის დღე არ უნდა იყოს.
„1989 წლის 9 აპრილის დისკრედიტაციაა, როდესაც საუბრობენ, რომ ეს იყო მხოლოდ ტრაგედია. სადაც ქართველის სისხლი დაიღვარა, ყველგან ტრაგედია იყო, მათ შორის დიდგორის ბრძოლის დროს - დაიღვარა ძალიან დიდი სისხლი, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვამბობთ დიდგორის ბრძოლაზე, რომ ტრაგედია იყო?! ანალოგიურად, 9 აპრილი ტრაგედია იყო, დაიღვარა ჩვენი ხალხის სისხლი, მაგრამ 9 აპრილი ამავე დროს იყო უდიდესი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, ვინაიდან ამან შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რას ნიშნავს ქართველი ადამიანისთვის თავისუფლება. ქართველი ადამიანი რამდენადაც არის ტრადიციული ღირებულებების მატარებელი თავისი შინაგანი არსით, ამდენადვე მისთვის ასეთი უზენაესი ღირებულება არის თავისუფლება. მთელი ჩვენი ისტორია ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.