მგონი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოფხიზლდეს, კარი გაუღოს ყველას და ვინც „ნაცმოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის მხრიდან განდევნილია, უკან დააბრუნოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ უნდა გაარკვიოს, რა უნდა, როგორ ქვეყანაზე ოცნებობს.
„ჩვენ გეგმა საიტზეც გვიდევს და ყოველ დილით ამაზე ვსაუბრობთ. ყველამ უნდა გაარკვიოს, რა უნდა, როგორ ქვეყანაზე ოცნებობს და მის წვლილად რის გაკეთებას აპირებს. რაც შეეხება ე.წ. პრონაცურ ძალებს, ჩემი აზრით, ნიკა მელია იქნება, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია თუ სხვა ადამიანი, მგონი, მათ ძალიან გაუჭირდებათ არსებულ კონტექსტში პოზიციონირდნენ, როგორც არა „ნაცები“, რადგან შეუძლებელია, გვარამია დაინახოთ და გაგახსენდეთ რაიმე სხვა, გარდა „ნაცებისა“. ზუსტად ასევე, როცა ნიკა მელიას დაინახავთ, როგორ შეიძლება, დიდი წითელი ხუთიანი არ გაგახსენდეთ? – შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ყველა ასეთი პარტია უკან „ნაცებში“ უნდა შეგროვდნენ. როგორ შეიძლება, ეს ხმები არ დაიკარგოს. მესმის, რომ „ნაცების“ დღევანდელი მენეჯმენტი შეიძლება „ქოცების“ მიერ იყოს მოსყიდული და ამ საქმეში გარევა ბევრ პატიოსან ადამიანს არ უნდოდეს, მაგრამ მგონი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოფხიზლდეს, კარი გაუღოს ყველას და ვინც „ნაცმოძრაობის“ მოქმედი მენეჯმენტის მხრიდან განდევნილია, უკან დააბრუნოს. შეუძლებელია „ნაცმოძრაობის“ წარსულის ჩამოცილება, ეს გამორიცხულიც მგონია. არჩევნებზე შესაძლებელია მივიღოთ სამი-ოთხი „ნაცური“ პარტია – თავად „ნაცები“, „ნეონაცები“ და ყვითელი „ნაცები“, ანუ „ლელო“. კარგი იქნებოდა, სამი ნაცური პარტიის ნაცვლად, ერთი ნაცური პარტია გავიდეს, სადაც ყველა ერთად იქნება. რა თქმა უნდა, ყველას ერთმანეთი არ ეყვარება, მაგრამ „ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთი ისედაც არ უყვარდათ და რამენაირად ამ გაურკვევლობას აიტანენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.