ზოგადად ყველაფერი ფაქტია და ფაქტია, რომ ადამიანები შარში ეხვევიან უკანონო ბრძანების შესრულებების გამო. დღეს შეიძლება, სასაცილოდ ეჩვენებათ ეს სანქციები, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ამ სანქციების გარჩევა იქნება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, სანქციები კარგი არ არის საქართველოსთვის და არც იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ასანქცირებენ.

„არავის მოეწონება საბოლოოდ ის ფაქტი, რომ კონკრეტული პირი სანქცირებულია. ამიტომ, ვურჩევდი, გაემიჯნონ იმ პროცესს, რომელიც საბოლოოდ მათ მომავალს აზიანებს, თორემ ახლა არც ჩვენი ქვეყნისთვისაა კარგი ის, რაც ხდება და არც იმ ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის, რომელთაც ეს დაემართებათ.

მე მაკლია ინფორმაცია ზოგადად არგუმენტაციასთან დაკავშირებით. შეიძლება, იყოს სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და შეიძლება, იყოს რუსეთთან კავშირი ან ნებისმიერი სხვა რამ, რის გამოც ეს ხდება, მაგრამ მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. ვიცი, რომ კარგი არ არის ჩვენი ქვეყნისთვის და არც იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ასანქცირებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეიძლება, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში წერია რაღაც ერთი არგუმენტი, მაგრამ სხვა არ ვიცით. ამ ნაბიჯს თუ ვაფასებთ – ჩემი შეფასებაა, რომ კარგი არავისთვის არის ეს სანქციები, მათ შორის არც ამ ქვეყნისთვის. რა არის ამის არგუმენტი – მომიტინგეებზე ძალადობა, რუსეთთან კავშირი, თუ კავშირი დიქტატურის დამყარებასთან, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად ყველას ესმის, რომ საქართველოში უკვე არ დარჩა უწყება, სადაც ერთი-ორი სანქცირებული თანამშრომელი არ არის. ამის პასუხად, „ქართული ოცნება“ სანქცირებულებს აწინაურებს. ოდესღაც ეს საქმეები აუცილებლად გადაისინჯება, კანონიერების ნაწილშიც და იმაშიც, რას აკეთებდა ეს ხალხი ისეთს, რომ მათი სანქცირება აუცილებელი გახდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.