„არავის სჯერა, რომ ქალბატონ გიულის შეეძლო, თავისი ლექციებითა, თუ ჰონორარებით ასობით მილიონიანი ქონება დაეგროვებინა“, - აცხადებს მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი.
მისი თქმით, ის „გაუგებარი“ ხალხი, როგორც გიული ალასანია მათ უწოდებს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც სააკაშვილის მმართველობის დროს ოჯახის წევრები დაკარგეს და „ალასანიას გამდიდრებისთვის დაიღუპნენ“.
„საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ქალბატონი გიული, არაკანონიერად, საკმაოდ დიდი ოდენობის ქონების ფლობდა და ფლობს. ფაქტი, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არაკანონიერად შეძენილი ქონება თავის შვილიშვილს გადაუფორმა, ამის კიდევ ერთი დასტურია. ეს ხალხი არ იშლის იმ არაკანონიერ ქმედებებს, რომლებიც თავის დროზეც წესად რომ ჰქონდათ გადაქცეული. არავის სჯერა, რომ ქალბატონ გიულის შეეძლო, თავისი ლექციებითა თუ ჰონორარებით, მრავალი ათეული მილიონისა თუ ასობით მილიონის ღირებულების ქონება დაეგროვებინა. ქალბატონმა გიულიმ იმ ოჯახებსა და დაზარალებულებზე, რომლებსაც სააკაშვილის მმართველობის დროს შვილი, თუ მეუღლე დაეღუპათ, ერთხელ თქვა - ესენი საერთოდ ვინ არიან, გაუგებარი ხალხიაო.
რა თქმა უნდა, ეს ხალხი „გაუგებარი“ იქნება მისთვის, რადგან მას არაფერი შეხებია, პირიქით, ეს ხალხი ქალბატონი გიულის ქონების გამდიდრებისთვის დაიღუპა - შესწირა სიცოცხლე, ქონება, თუ ღირსება. ქალბატონი გიულისთვის არაფერს ნიშნავს თავისი შვილიშვილისთვის რამდენიმემილიონიანი ბინის გადაფორმება, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის წართმეული ქონებითაა შეძენილი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.