მახსოვს, როდესაც ჯოზეფ ბორელი საქართველოში იყო ჩამოსული, პრემიერ ღარიბაშვილთან ვერაფერი თქვა იმ სიმართლის საწინააღმდეგოდ, რაც არსებობს. ახლა იქიდან ცალმხრივად რატომ ლაპარაკობს? ჩამობრძანდეს, კანონი ერთად წავიკითხოთ, თვალებში ჩაგვხედოს და გვითხრას, კანონში რომელი წინადადება არ მოსწონს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს“.
„ორმხრივი მეგობრობა არსებობს, რაც კარგად იცის ევროპამაც და ევროკავშირმაც. თხოვნაა, ქართველი ხალხის შეურაცხყოფას ყველამ თავი დაანებოს, რომელიც კარგად ხვდება, სადაც არის სიმართლე და ტყუილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს“.