„ვნახავთ, რომ ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რომელიმე დაწესებულების პაციენტი გახდება, რადგან ხან ტელეფონებით ატარებდა არჩევნებს, ხან სხვა ტექნოლოგიები გამოიგონა. შემდეგ თქვა, სტადიონზე ეროვნული კრება ჩავატაროთო, შემდეგ, არა, ისევ აქციები ჯობიაო, ახლა აქციები და ეროვნული კრება ერთადო. ის შესაბამისი დაწესებულების პაციენტი გახდება. ნიძლავს შევახსენებ – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ხელისუფლებას თუ ვერ ჩაიბარებს, მაშინ შეასრულებს სიმღერას – „თავო, ჩემო, ბედი არ გიწერია“. ნიძლავი შევცვალეთ, ეს უფრო ესადაგება. „ღვინოვ კახუროს“ ჩვენ ვიმღერებთ, გამარჯვებულები. – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"ნახევრად არასერიოზულად და კომიკურად როცა ვსაუბრობთ, ეს ბურჭულაძეს და მსგავსი ტიპის კომიკურ ადამიანებს ეხებათ, თორემ ზუსტად ვიცით, რომ ის უცხოური ძალა, რომელიც აქაურ აგენტურას აფინანსებს, სერიოზული ძალაა. ის ებრძვის დღევანდელ ამერიკის ადმინისტრაციას და პრეზიდენტსაც. რა გასაკვირია, რომ საქართველოსთან მიმართებით სერიოზული ზრახვები ჰქონდეთ? – ამისთვის სახელმწიფო სერიოზულად არის მომზადებული. 4 ოქტომბრისთვის კი არა ნებისმიერი დღისთვის – 5-სთვის, 10-სთვის. ე.წ ოპოზიციას მივმართავ, რატომ 4 ოქტომბერი? რატომ ჩამოეკიდნენ ამ არჩევნების თარიღს? ეს თარიღი 4 ნოემბრისთვის რომ გადაიწიოს, რევოლუციაც 4 ნოემბერს მოხდება? ან ერთი წლით რომ გადაიწიოს, ერთი წლით გადაწევენ რევოლუციას? ერთი წლით კი არა, მრავალი ათეული და ასეული წლით გადაწევა მოუწევთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.