სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე,  ფიქრობს თუ არა, რომ ბიზნესმენს, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს უცხო ქვეყნიდან უსმენენ,  ასე უპასუხა: "თუ გაეროს გენმდივანს უსმენენ, ბიძინა ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ?!“.

"მოსმენებზე გამოძიებას ატარებს გენერალური პროკურატურა. ჩვენ რა პროცედურაზეც დაგვიძახებენ და  ვიყავით, პოზიტიურად მივიღეთ მონაწილეობა. იმედია, რომ გავა ბოლომდე. თუმცა მინდა, გითხრათ ერთი რამ, რომ დღესდღეობით ინფორმაციული დაზვერვის მეთოდები არის შეცვლილი და დამყარებულია ახალ ტექნოლოგიებზე. ციფრულ დაზვერვას არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები და კარგად მოგეხსენებათ, რომ გაერო-ს გენერალურ მდივანს მოუსმინეს, მოუსმინეს ევროპის წამყვანი ქვეყნის ლიდერებს, ევროპარლამენტარებს, თუმცა არავინ ვართ გიჟები, რომ ვივარაუდოთ, მაინცდამაინც იმ გეოგრაფიული ნიშნის ქვეშ მყოფი სპეცსამსახურები ახორციელებდნენ ამას ევროპაში ან ევროპის გარეთ. თუმცა ყველა ლიდერმა დანანებით აღნიშნა მოსმენების მავნე შედეგები. ანტარქტიდიდანაც კი შეუძლია, ობიექტს მოუსმინოს სუბიექტს. არ ვიცი, ჩვენ ამის ბერკეტები არ გვაქვს და ვისაც აქვს, ალბათ ის მოუსმენდა.

ძალიან გამიკვირდა, რომ მხოლოდ საქართველოს მაგალითზე გამოხატეთ აღშფოთება. ძალიან შემძრა იმ ფაქტმა, რომ ეს საკითხი დაურეგულირებელია, ვინაიდან ტექნოლოგიური განვითარება წინ ასწრებს ფიზიკურ შესაძლებლობას, რომ პრევენციული მეთოდებით ებრძოლო ამ დაზვერვას. რომელი ქვეყნის რომელ კერძო ოფისში დავიწყოთ გამოძიება თუ საიდან მოხდა მოსმენა? სად წავიდეთ რომელ სამსახურს მივმართოთ? არ მგონია, ბატონ ბიძინას ისეთი რამეები ელაპარაკა ტელეფონში, რომელიც მის დანაშაულებრივ კავშირს ვინმესთან დაადასტურებდა. გავრცელებული ჩანაწერები არის ძალიან პრიმიტიულ დონეზე, ძალიან ღია ტექსტებით გამოხატული ურთიერთობა, რომელიც არ უკავშირდება არც დანაშაულს, არც ზეგავლენებს და ა.შ.

გაერო-ს გენმდივანს თუ უსმენენ, ბიძინა ივანიშვილს რატომ ვერ მოუსმენენ. შეიძლება ჩემი საუბრებიც გამოვიდეს, სხვისიც… არ ვიცი, მათ შორის ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოუქვეყნეს ერთმანეთის ჩაწერილი ჩანაწერები, რომელშიც ჩვენ არც მიგვიღია მონაწილეობა და არც მხარეებს გასჩენიათ პრეტენზია“,- განაცხადა ლილუაშვილმა.