ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, არანაირი დეტალები არ მიგვიღია, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

„მტკიცებულებები ვერ მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით კარგა ხანია, საქართველოს პროკურატურის მეშვეობით, ასევე ჩვენი ინიციატივითა და თხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, ამჟამად არანაირი დეტალი არ მიგვიღია, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს. ეს ძალიან დამაფიქრებელია. ახლა მასმედიაში გავრცელდა ასეთი რამ – თუკი ინფორმაცია ჰქონდათ ამერიკულ სპეცსამსახურებს და ჩვენს პარტნიორებს, ეტყობა, ქართულ სპეცსამსახურებს არ ენდობიან და ამიტომ არ მიაწოდესო. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს სამსახურებს შორის ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, გაცილებით სენსიტიური და უფრო დიდ ეფექტზე გათვლილი საიდუმლო ინფორმაციები იცვლება ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო. ჩვენს პარტნიორებს ფარცხალაძის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წინსწრებად რომ ჰქონოდათ, დიდი ალბათობით, მოგვაწვდიდნენ.

ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების თითქმის უმრავლესობას მივმართეთ, მათ ხელთ თუ არსებობს რაიმე ოპერატიული ინფორმაცია ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით. ვერაფერი – პირიქით, ინტერესი გამოიწვია საკითხმა და ყველა ჩვენი კოლეგა პარტნიორი ჩვენგან ითხოვს დეტალებს“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კითხვაზე, „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობდა, რომ ოთარ ფარცხალაძეს ჰყავდა თანამზრახველები, ვისთან ერთადაც ლობირებდა ქვეყანაში რუსულ გავლენებს. გაქვთ თუ არა ინფორმაცია თანამზრახველების შესახებ და გაქვთ თუ არა დაწყებული ამ კუთხით გამოძიება“, ლილუაშვილმა განაცხადა:

„სად წაიკითხეთ, რომ თანამზრახველები ჰყავდა? გრძელდება გამოკითხვები პირთა წრისა, რომლებიც, შესაძლოა, შემხებლობაში ყოფილიყვნენ მასთან. ეს არის უახლოესი პირთა წრე, ასევე ის წრე, რომელთანაც საქმიანი ან პირადი ურთიერთობები აქვს. ანუ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ყველა იმ სტანდარტით, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ,  აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა

2023 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. 

 პ.ს. ოთარ ფარცხალაძე იყო  საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე