თეა წულუკიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკი - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„თეა წულუკიანი არის ჩვეულებრივი ბოლშევიკი. ის არის სახელგანთქმული თავისი ბოლშევიკური ქცევებით. არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ უქნია. ის არის ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ ყველა და ყველაფერი თავის ეგოს, თავის პირად დამოკიდებულებებს, პირად მსჯავრს შესწიროს, როცა ეს ასე ჰგონია საჭირო. ჩვენ ვნახეთ, რომ მან მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროს გენერალური ინსპექცია გაუგზავნა, რომელიც, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი გამოძახილი იმ განცხადებისა, რომელიც პრეზიდენტმა გუშინ გააკეთა. სხვათა შორის, პრეზიდენტმა ძალიან სწორი განცხადება გააკეთა, როდესაც ეს ყველაფერი შეაფასა როგორც სხვა ეპოქისმაგვარი, ზუსტად ბოლშევიკური ეპოქის მაგვარი“, - განაცხადა გეგელიამ.
კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით განთავსებული 5 ნამუშევრის უკან დაბრუნების მიზნით დღეს პრეზიდენტის სასახლეში იყო შესული. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ნახატს აქვს სხვადასხვა სახის დაზიანებაც, საუბარია 2-წლიან ხელშეკრულებაზე, რომელიც 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე იყო დადებული.