ჩვენი აზრით, ოთხმა კოალიციამ და ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა ითანამშრომლონ ერთიან ლეგიტიმურ ფორმატში, რადგან ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

"ამავე დროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო კომუნიკაციის თვალსაზრისით. ჩვენ პარტნიორებს ბუნებრივია, სურთ, ნახონ ლეგიტიმური ფორმატი, რაც შესაძლებელს ხდის ერთიან კომუნიკაციას. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ქალბატონ პრეზიდენტთან და იმედი გვაქვს, სხვა პოლიტიკური, დემოკრატიულად არჩეული ძალებიც ასევე ითანამშრომლებენ“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მისი თქმით, პირადად ის, როგორც ერთი პოლიტიკოსი, არასოდეს არ ყოფილა და არც ახლა არ არის მომხრე რაღაც ერთობების, რომელიც გულისხმობს ერთ პარტიას, ერთ სიას და ერთ პოლიტიკურ იდენტობას.

„მე ეს არ მგონია არც აუცილებელი და არც საჭირო, რამდენადაც ვთვლი ძალიან მყარად და გააზრებულად, რომ ჩვენი ძალა არის მრვალფეროვნებაში. ჩვენ, როგორც ერი, ვართ პოლიფონიის ერი, ჩვენ შევქმენით, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედები ვართ პოლიფონიის, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებობს განსხვავებული ხმები, განსხვავებული ჰანგები, რომელიც ქმნის სწორ ერთიან მელოდიას და მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი ეროვნული, პატრიოტული მელოდია განსხვავებების ფონზე, რაც გვაქვს. ჩვენ ვართ განსხვავებული პოლიტიკური ძალები და რატომ უნდა შევქმნათ ერთი პოლიტიკური ძალა? მე ეს არასოდეს არ მეგონა გამოწვევა“, – განაცხადა გრიგოლ  გეგელიამ.

შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა „ლელო“ თვითმმართველობის არჩევნებში ჩართვას, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ „ლელოსთვის“ ეს არის საკითხი, რომელიც არ სარგებლობს რამე აქტუალურობით, ან რელევანტურობით ამ ისტორიულ მომენტში, აქ და ახლა. ჩაკითხვაზე, იქნება თუ არა ეს საკითხი რელევანტური ექვსი თვის შემდეგ, გეგელიამ აღნიშნა „ჩვენ საერთოდ არ განვიხილვთ ამ საკითხს, როგორც რელევანტურ, ან ვინმესთვის საინტერესო საკითხს. 6 თვეში თუ იქნება რელევანტური, მერე ვისაუბროთ ამაზე. ახლა არ არის რელევანტური, აბსოლუტურად არ არის“,განაცხადა გეგელიამ.

შეკითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ სასამართლოზე „ლელოს“ ლიდერების მისვლა, რომლებიც მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ, თუ ისინი არ აღიარებენ პარლამენტს, საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას და არც პროკურატურას და სასამართლოს არ მიიჩნევენ ლეგიტიმურად და რას უპასუხებს ხელისუფლების განცხადებას, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თავი აარიდეს იმ საქმეზე საუბარს, რაზეც ლეონიძემ კომისიაზე თქვა, რომ პირდაპირ „ლელოს“ ლიდერები იყვნენ ჩართული მისთვის ქონების ჩამორთმევის პროცესში, გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ „ისეთი პოლიტიკური საზოგადოებრივი ინსტიტუტის შემთხვევაში, როგორიც პარლამენტია, ლეგიტიმაცია სხვა რამეა, რადგან პარლამენტს ირჩევენ ადამიანები და თუ თავისუფალი არჩევნებით იქნება არჩეული, ის არის ლეგიტიმური, ხოლო თუ არა, არ არის რალეგიტიმური, შესაბამისად, ეს ე.წ. პარლამენტი, რომელიც მიღებულია არა არჩევნების შედეგად, არამედ რუსული სპეცოპერაციის შედეგად, არალეგიტიმურია. სასამართლოს ლეგიტიმაცია კი მდგომარეობს იმაში, რომ ის იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და იყოს თანხვედრაში ყველა იმ პრინციპთან, რაც არსებობს. თუმცა ქართულ სასამართლოში პრობლემა არის კლანი, რომელიც განაგებს ყველა პოლიტიკურად საინტერესო საქმეს და შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს მათი არც ნდობა და არც აღიარება, მაგრამ „ლელო“ ამ სასამართლოთიც კი მზად არის, იბრძოლოს“.

„მამუკა ხაზარაძემ თვითონ თქვა, რომ თუ მის მიმართ არსებობს რამე ტიპის სამართლებრივი კითხვები, ან პრობლემა, ის მზად არის, ამ სასამართლოშიც კი წარდგეს და დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ საქმე ხომ ამაზე არ წარმოებს? საქმე ახლა წარმოებს იმაზე, რატომ არ მივიდა რუსულ კომისიაში წულუკიანთან, რომელიც ასამართლებს საქართველოს ისტორიას. თუ მასტან კითხვები აქვს ვინმეს, მან თქვა თვითონ, რომ მზად არის, გასცეს პასუხები, მაგრამ არ აქვთ. რა აქვთ? თუ რამე აქვთ, გაუჭირდებათ, რომ საქმე აღძრან? რა, არ აღუძრავთ აბსურდული საქმე მის წინააღმდეგ? აღძრან აბა საქმე და გასცემს პასუხებს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.