"ჩვენ ვუერთდებით და შევუერთდებით ყველა ისეთ აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება", - ამის შესახებ პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს. 

"ჩვენ არ შევუერთდებით არც ერთ აქციას, რომელიც მოითხოვს იმის ბოიკოტს, რაშიც ჩვენ ვმონაწილეობთ. ჩვენ უკვე არ შევუერთდით მინიმუმ ერთ ასეთ შეკრებას, როდესაც მოთხოვნა იყო - არა არჩევნებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ ამ არჩევნებში, ჩვენ ამ ფორმითაც ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ, შესაბამისად, არ მივიჩნევთ ბოიკოტს გამართლებულად.. რაც შეეხება დანარჩენ აქციებს, სხვა ტიპის შეკრებებს, ყოველთვის, როდესაც მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ჩვენ ვუერთდებით და ყოველთვის შეუერთდებით ამ აქციებს.

მე ვფიქრობ, რომ 4 ოქტომბერს, ყველა მოქალაქე უნდა გამოვიდეს და ხმა მისცეს თავიანთ ქალაქებში, სოფლებში, დაბებში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. შემდეგ აქციაზეც გამოცხადდეს და სხვა ფორმითაც უთხრას "ქართულ ოცნებას", რომ გვეყო ამ ჭაობში ცხოვრება, გვეყო ავარიული სახლები, გვეყო მიუსაფარი ცხოველების თარეში, გვეყო ნარკო-პანდემია, გვეყო ის, რომ ბავშვს ვერ გაუშვებ შიშით სახლიდან, გვეყო ის, რომ მიზერულია ადამიანის ყოფა დღეს ქვეყანაში", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.