"თქვენ თუ ხალხის უმრავლესობას არ უყვარხართ ეს თქვენი პოლიტიკური წარსულის და მოძალადე ბუნების ბრალია - შავი ლაქა ხართ ქართულ პოლიტიკაში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება ცესკოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას, სადაც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა შავი საღებავი შეასხა.
"რა მოძალადეები იყავით ნაცები, ის მოძალადეები დარჩით - თქვენი კაცთმოძულე და მავნებელი ბუნება არ იცვლება. 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი. თქვენ თუ ხალხის უმრავლესობას არ უყვარხართ ეს თქვენი პოლიტიკური წარსულის და მოძალადე ბუნების ბრალია - შავი ლაქა ხართ ქართულ პოლიტიკაში. ამ დღეებში ძალადსტუმრებმა კი გირჩიათ მაიდანი , მაგრამ ქართველი ხალხი არ მოგცემთ იმის უფლებას ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციაზე ვინმეს წასცდეს ხელი." - წერს გრეტა წიწავა.
ცნობისათვის: ცესკოს სხდომა, რომლის დღის წესრიგში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამების საკითხი დგას, დაპირისპირებით დაიწყო."ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც სიმბოლო არჩევნების გაყალბების.
დავით კირთაძე დარბაზიდან მანდატურის სამსახურმა გაიყვანა."შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და შავი ლაქა" - უთხრა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს. ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომა შეჩერებულია. ცესკო დღეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს - ოპოზიცია ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს