კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს ღია წერილით მიმართავს.

„მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო…“ ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ ქართულ ენას სწავლობთ და ხშირად ცდილობთ კიდეც ისაუბროთ ქართულად. დარწმუნებული ვარ, დამხმარეც გეყოლებათ, ვინც თქვენ ხელს გიწყობთ უცხო ენის დაუფლებაში. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ თავად თუ ვერ გამოიტანთ აზრს იმ ეპიგრაფიდან, რომელიც ამ წერილს ახლავს, თქვენი დამხმარე შეგეშველებათ, გაიაზროთ, რას ვგულისხმობ ამ ქართულ ფოლკლორულ წინათქმაში“, – ნათქვამია წერილში.

მისი თქმით, „ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ქართული დამოუკიდებელი ტელეარხების – „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების შესახებ, არის ის მიჯნა, რომლის იქით, ჩვენი მხრიდან, მინიმალური ცივილიზებული მოთხოვნილებაც კი, სახელმწიფოებრივი ურთიერთპატივისცემის შესახებ ყოველგვარ აზრს კარგავს“.

„რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, მინდა მოგახსენოთ, რომ ბრიტანეთის იმპერიის მიერ, კაცობრიობის ისტორიაში შეტანილი წვლილის მიმართ, კეთილგანწყობით არასოდეს გამოვირჩეოდი და თუ რატომ, ამას ძალიან მოკლედ ამ წერილში მოგახსენებთ. საუკუნეების განმავლობაში, თქვენი მთავრობების სახელმწიფო მორალის საილუსტრაციოდ, გაგახსენებთ, რომ სადაც კი ფეხი დადგით –  ჩინეთში, ინდოეთში, ავსტრალიაში, აფრიკის კონტინენტზე, თუ ოკეანიის კუნძულებზე ყველგან, რასიზმი, ადგილობრივი მოსახლეობის არაადამიანური ჩაგვრა, უმოწყალო ექსპლუატაცია, მასიური განადგურება და კოლონიალური სისტემა დანერგეთ. თქვენ ამას ცინიკურად ცივილიზაციის გავრცელებას უწოდებდით, სინამდვილეში ეს ბარბაროსობა იყო! ალბათ გახსოვთ თქვენც, და მერწმუნეთ, მთელ კაცობრიობასაც, რას სჩადიოდით იქ, სადაც თავს ბატონებად, ხოლო აბორიგენ მოსახლეობას მონებად მიიჩნევდით. თუარადა, მზად ვარ, საჯარო დისკუსია გავმართო თქვენთან, ამ საკითხზე და გაგახსენოთ თქვენი მთავრობების ნამოქმედარი!

ახლო წარსულს რაც ეხება და კონკრეტულად − უკრაინას! თქვენ, იმ ქვეყნის დიპლომატი ბრძანდებით, რომლის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განზრახ ჩაშალა 2022 წელს სტამბოლში, სამშვიდობო შეთანხმება, უკრაინასა და რუსეთს შორის, რის გამოც უკრაინამ განგრძობადი რუსული აგრესიის შედეგად, ასი ათასობით საკუთარი შვილი დაკარგა, ათეულობით მილიონი უკრაინელი დევნილობაში აღმოჩნდა, ხოლო ქვეყანა დღესდღეობით იავარქმნილია! აწმყოში, ანუ დღეს, თქვენ იმ ქვეყნის წარმომადგენელი ბრძანდებით, რომლის მეფის ძმა, იორკის ჰერცოგი, პრინცი ენდრიუ მაუნდბეტონ-ვინძორი და ბრიტანეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბარონი  პიტერ ბენჟამინ მანდელსონი, ლეიბორისტული პარტიის წევრი, ყოფილი − გარე ვაჭრობის ევროკომისარი, ბრიტანეთის პირველი სახელმწიფო მდივანი, საბჭოს ლორდი-თავმჯდომარე, სხვადასხვა დროს ექსმინისტრი, ბიზნესის და ინოვაციების, ჩრდილო ირლანდიის, ვაჭრობის და წარმოების საკითხებში, დააპატიმრეს პედოფილიის ბრალდებით და უამრავი დოკუმენტით დადასტურებული, ბოროტმოქმედი ეპშტეინის კანიბალურ ორგიებში შესაძლო მონაწილეობის გამო“, – ნათქვამია წერილში.