3 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ვიდეო მონტაჟი, სადაც გორში განთავსებულ „ქართული ოცნების“ ბანერზე გაყალბებულია პარტიის სლოგანი და მითითებულია „მხოლოდ ბოდიშით, მუხლებზე დგომით, დათმობით რუსეთისკენ“, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე საარჩევნო დარღვევების ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.
"ნეგატიური კამპანიის კუთხით გამოიკვეთა შემდეგი ფაქტები
26 სექტემბერს Facebook-ზე გავრცელდა „ქართული ოცნების“ ბანერის გაყალბებული სურათი, რომლითაც „ქართული ოცნების“ დევიზი „აირჩიე მშვიდობა“ გაიგივებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან.
სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა გაყალბებული ვიდეო მონტაჟი, რომლითაც თითქოს ქუთაისში განთავსებულ „ქართული ოცნების“ ბანერზე მითითებულია ყალბი დევიზი: „მხოლოდ დანგრეული გელათით, დანგრეული პარლამენტით, აშენებული კორუფციით, ევროპაში“.
3 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ვიდეო მონტაჟი, სადაც გორში განთავსებულ „ქართული ოცნების“ ბანერზე გაყალბებულია პარტიის სლოგანი და მითითებულია „მხოლოდ ბოდიშით, მუხლებზე დგომით, დათმობით რუსეთისკენ“.
დაფიქსირდა არაერთი ფაქტი საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით.
კერძოდ, 18 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ „ბი ემ ჯი“-მ პოლიტიკური სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამა ეთერში კანონდარღვევით განათავსა. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უფასო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სათემო მაუწყებელმა ან საერთო ეროვნულმა საეთერო მაუწყებელმა უნდა განათავსოს. გამომდინარე იქიდან, რომ „ბი ემ ჯი“ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილს არ წარმოადგენს, მას ეკრძალება საარჩევნო სუბიექტების უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დროის დათმობა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა შესაბამისი ოქმი შეადგინა.
5 ოქტომბერს ტელეკომპანიებმა "მთავარმა", "ტვ-პირველმა" და "ფორმულამ" გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც უარი განაცხადეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, რაც წარმოადგენს სამართალდარღვევას. ამასთანავე, ნაცვლად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მომხდარიყო ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედების დაგმობა, არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების “ევროპული ორბიტისა” და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს ხელმძღვანელებმა, ასევე - ორგანიზაციამ “მედიის ადვოკატირების კოალიცია” მოიწონა ტელევიზიების ეს პოზიცია და სრული მხარდაჭერა გამოხატა საჯაროდ. მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიების ამ გადაწყვეტილებას ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოში ევროკავშირის ელჩის ზემოხსენებული განცხადება დაედო." - განაცხადა გივი მიქანაძემ.