„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, დღევანდელ ბრიფინგზე, 2024 წლის საპარლამენტო  არჩევნებზე რეგისტრირებული  სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.

მან ასევე იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ისაუბრა, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირში და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან მხილებული და აღნიშნა, რომ კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ეს ორგანიზაციები, არჩევნების შესახებ მიკერძოებულ, არაობიექტურ მონიტორინგს წარმოადგენენ.

„აშკარაა, რომ კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი იქნება მიკერძოებული და არაფერი საერთო ექნება ობიექტურობასთან. ამიტომაც, ინფორმაციებს ამ ორგანიზაციების შესახებ მუდმივად ვუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. აქვე, მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია.

შემაჯამებელი, მოცულობითი ანგარიში ყველა იდენტიფიცირებულ ორგანიზაციაზე ქართულ და ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ „ქართული ოცნების“ Facebook გვერდზე, რომელიც დღესვე დაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.