საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, უკრაინის მართლმსაჯულებამ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განმარტა, ამასთან დაკავშირებით უშუალოდ მას მიაწოდეს ინფორმაცია.
„ძალიან გააქტიურებულია უკრაინის მართლმსაჯულება. დაიწყეს კვლევა მის მოწამვლასთან დაკავშირებით. უკრაინამ დაიწყო გამოძიება. უშუალოდ მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ დაიწყო გამოძიება. ოფიციალურ კიევში დაიწყო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
კითხვაზე, საქმეში ჩართულია თუ არა უკრაინელი ადვოკატი, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ჩართულია. „ცხადია“, – აღნიშნა გიული ალასანიამ კითხვის საპასუხოდ.
რაც შეეხება ე.წ. მაგნიტსკის სიას, გიული ალასანიას თქმით, ამ პროცესში არანაირი ფორმით არ არის ჩართული.
„არანაირი ფორმით არ ვარ ჩართული ამ პროცესში, ამიტომ ვერაფერს გიპასუხებთ. ვინც არის უშუალოდ ჩართული და ვინც მონაწილეობს, მათ ეცოდინებათ. მე რომ მკითხოთ, არის საჭირო. მთელმა მსოფლიომ ნახა რტყმევის კადრები, ჩალეწილი რომ აქვს ყველაფერი. როგორ, თავისით ჩაილეწა?“ – თქვა გიული ალასანიამ.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა პარლამენტარების მოწოდებას, რომელიც ჩანაწერებზე ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზისთვის მიმართვას ეხება, გიული ალასანიამ განაცხადა:
„როგორც უნდათ, ისე მიმართონ, მე ეგ მხარე არ მაინტერესებს. აქ მხოლოდ ჩემი შვილისთვის მოვდივარ. სხვა დანარჩენი ინტრიგები არ მაინტერესებს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.