უკრაინაში ომის დაწყების დღიდან რუსეთის ტერიტორია დატოვეს უზარმაზარმა კომპანიებმა, „ფოლკსვაგენმა“, „მერსედესმა“, „სონიმ“. დღეს რომ პატრიოტი ხელისუფლება გვყავდეს, ამ კომპანიებთან კარდაკარ ივლიდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ კომპანიების ნაცვლად, ხელისუფლება რუსეთს ელაპარაკება.
„წამოვიღე იმ კომპანიების სია, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ფედერაცია. ეს არის „ფოლკსვაგენი“, „მერსედესი“, „სონი“, სხვადასხვა უზარმაზარი კომპანია. ომის დაწყების დღიდან დატოვეს რუსეთის ტერიტორია. დღეს რომ ჩვენ გვყავდეს პატრიოტი ხელისუფლება, ამ კომპანიებთან ივლიდა კარდაკარ და ეტყოდა, მოდი, ჩამოდი საქართველოში, გადმოიტანე შენი წარმოება საქართველოში. ერთ რაიონში „ფოლკსვაგენის“ წარმოებას გავხსნიდით, მეორე რაიონში „მერსედესს“ შემოვიყვანდით, მესამეში – „სონის“, ეს ხომ უზარმაზარ ინვესტიციებს და ნამდვილ ეკონომიკურ ზრდას მოიტანდა. მოიტანდა იმ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, რომლებიც ახლა სჭირდება ქვეყანას. ამის ნაცვლად, რას აკეთებს მოღალატე ხელისუფლება, ამ კომპანიებს არ ელაპარაკება და ელაპარაკება რუსეთს. უნდა, რომ 250 მილიონი, ჩვენი ფული დახარჯოს რუსეთთან გზების გაფართოებაზე, მაშინ როდესაც 11 წლის განმავლობაში სარკინიგზო გზის პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ 2012 წლამდე, რიკოთის გავლით ვერ მიიყვანა ბოლომდე.
ასობით მილიონი დახარჯა არაფერში, როცა შემოვლითი გზა ვერ გააკეთა, როცა რიკოთზე გზა ვერ გაჰყავს. ეს არ არის სამართლიანი. ამიტომაა, რომ რაიონები იცვლება, ამიტომ არის, რომ ასობით ათასი ადამიანი ქვეყნიდან გარბის. 2022 წელი უნდა გამოცხადდეს დემოგრაფიული კატასტროფის წლად, 42 ათასზე ჩამოვიდა შობადობის მაჩვენებელი, 49 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ასეთი დაბალი ნიშნული გვაქვს შობადობის, რადგან ხალხი ქვეყნიდან გარბის. დაიცალა სოფლები, ქალაქები, სად არის ხალხი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.