საქართველოსთვის, ისე როგორც არასდროს, ნატოსა და ევროკავშირის კარი არის ღია. ამ შანსის გამოყენებას უნდა ერთი რამ, ბიძინა ივანიშვილის „თავი უნდა მოძვრეს“. როგორც კი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მერწმუნეთ, ჩვენ ნატოშიც და ევროკავშირშიც შევალთ , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ვართ ძალიან მძიმე ვითარებაში „ქართული ოცნების“ გამო. საქართველოსთვის, ისე როგორც არასდროს, ნატოსა და ევროკავშირის კარი არის ღია. ამ შანსის გამოყენებას უნდა ერთი რამ, ერთი თავი უნდა მოძვრეს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავი. როგორც კი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მერწმუნეთ, ჩვენ ნატოშიც და ევროკავშირშიც შევალთ. თავიც, შუაც, პრობლემაც, ყველაფერიც არის ეს ადამიანი. მისი მძევალი გახდა ეს ქვეყანა. უნდა დავიხსნათ თავი ამისგან, სხვა შემთხვევაში, ვერ წავალთ წინ. ეს არის ჩემ მიერ გაკეთებული დასკვნა ამ შეხვედრის შესახებ. ვილნიუსის სამიტი მოდის, არაფერს დიდს, სამწუხაროდ, საქართველო ვილნიუსის სამიტზე არ უნდა ელოდოს, რატომ? იმიტომ, რომ არაფერს ამისთვის არ აკეთებს მთავრობა, ხელისუფლება, პრემიერი, რომელმაც კატარში ბენეფისი მოიწყო და გააცამტვერა წლებისა და ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მიერ აშენებული პროდასავლური, მძლავრი ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე. ყველაფერი ჩვენ ხელშია. თუ ჩვენ ვიაქტიურებთ, მხარდაჭერა გვექნება. თუ ჩვენ მივუშვებთ პრორუსებს, ისინი ჩაყლაპავენ ამ ქვეყანას. მე არ ვაპირებ, რომ მივუშვათ ეს ქვეყანა.
თავის მოძრობა კი ნიშნავს იმას, რომ ძალაუფლებას უნდა მოშორდეს ეს კაცი. არაფერი მისგან და მასთან დაკავშირებული არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. თუ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, არ გამოვა. საბოლოოდ არჩევნებით უნდა გაფორმდეს ეს ყველაფერი. არჩევნებმა უნდა აირჩიოს ახალი ხელისუფლება, რომელსაც არ ექნება კავშირი ბიძინა ივანიშვილთან და რომელიც იქნება ღიად და არა ფასადურად ქართველი პატრიოტი მედასავლეთე“, - განაცხადა ვაშაძემ.