რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში? – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ და არა საქართველოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რითაც ეხმაურება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას, სადაც, მან აღნიშნა: „რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა, და ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.
„რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?“ – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ და არა საქართველოს. თუ ანწუხელიძე „უაზროდ იყო გაწირული“, მაშინ გმირობა რას ნიშნავს? სამშობლო რას ნიშნავს? თქვენ საერთოდ ვის ემსახურებით? რას წარმოადგენთ?! ანწუხელიძე არის გმირი, სიმბოლო – საკუთარი ქვეყნის და ღირსების დაცვის მაგალითი.
თეა წულუკიანმა შეურაცხყო: ქართველი გმირი, მისი ოჯახი, ყველა სამხედრო, ყველა გმირის შვილი. ჩვენი ისტორია, თურმე „პიარია“, გმირები კი – „უაზროდ გაწირულები““?! ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ეროვნული ღალატი. ეს ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის. არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ანწუხელიძე და მისნაირი გმირები“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.