პოლიტიკური პარტიების დიდი გაერთიანების დროა. ავტორიტარულ რეჟიმს რომ ვებრძვით, იმის გარჩევის დრო არ არის, ვინ რომელი პარტიიდან არის, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების დიდ გაერთიანებას ამერიკაშიც ელოდებიან.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პოლიტიკური ცხოვრების პერსპექტივაში სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს.
„პოლიტიკურ პარტიებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ დიდი ერთიანობის დროა. დავიგვიანეთ კიდეც. მინდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, ქალბატონ სალომესაც ვუთხრა, რომ ავტორიტარულ რეჟიმს რომ ვებრძვით, იმის გარჩევის დრო არ არის, ვინ რომელი პარტიიდან არის. მათ შორის, ამერიკიდან ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ეს, ელოდებიან ჩვენს დიდ ერთიანობას. ამიტომ, ვინც თქვენთან მოვა ეთერში, ყველას კითხვა დაუსვით, რას ფიქრობენ დიდ ერთიანობაზე. გამოსავალი, რომელიც ამ პროცესს დააჩქარებს, არის ერთი საერთო დიდი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა, რომლითაც ვიშორებთ ხელისუფლებას, ვანიშვნინებთ ახალ არჩევნებს, გავდივართ არჩევნებზე, ვიშორებთ ივანიშვილს და მერე თუ გინდათ, კიდევ ხუთი პარტია შევქმნათ და ორმოცდაშვიდი პარტია – ეს არის რეალობა, რაც ჩვენ გვჭირდება. სხვა ალტერნატივას პოლიტიკური ცხოვრების პერსპექტივაში მე ვერ ვხედავ, ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყველამ ამაზე ისაუბროს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.