„ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე, საქართველოს უამრავი ვალდებულება აქვს შესასრულებელი. ამ გზაზე არსებობს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური სიძნელეები, რომლის გადალახვა ჩვენ ერთობლივად უნდა შევძლოთ“, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გიორგი ცაგარეიშვილი, საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ესწრება კონფერენციას თემაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“.
გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, საქართველოში ევროკავშირის მისიის უშუალო ჩართულობით ინტენსიური დიალოგი მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
„ამგვარი შეხვედრები, დიალოგი მხოლოდ წაადგება ჩვენს საერთო საქმეს - ევროკავშირთან დაახლოების საქმეს. მუდმივი კონტაქტი გვაქვს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან. ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიდის და ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროპულ სტანდარტებს ბევრი მიმართულებით, გარემოს დაცვიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობით დამთავრებული. კონფერენციაზე საუბარი იქნება შრომით ბაზარზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე, ბევრ იმ საკითხზე, რომელიც ასოცირების დღის წესრიგით არის ჩვენთვის აღსასრულებლად დადგენილი. ამ გზაზე ვდგავართ ახლა და ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა, როგორც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესში, პარლამენტმა 2014-2022 წლებში მხარი დაუჭირა 11 ახალ კანონს, 126-ზე მეტ კანონში ცვლილებების შეტანას და 14 საერთაშორისო შეთანხმებას.