ელექტრონული საშუალებების დანერგვა კენჭისყრის პროცესში არ ნიშნავს, რომ ის ყოველგვარ მანიპულაციას გამორიცხავს. ბუნებაში არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც მანიპულაციას გამორიცხავს, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში” და რეგლამენტში ცვლილებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ელექტრონული საშუალებების დანერგვა კენჭისყრის პროცესში არ ნიშნავს, რომ გამორიცხავს ყოველგვარ მანიპულაციას. ბუნებაში არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც მანიპულაციას გამორიცხავს. არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა ხდება სულ სხვა დროს და სხვა სივრცეში. არჩევნების დღემდე რა ბერკეტებსაც ფლობს ხელისუფლება ეს უფრო მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არ არსებობს ეფექტური მონიტორინგის ხერხები. არ არის გამორიცხული, არც ამომრჩევლის „კარუსელი“, არც ბიულეტენის „კარუსელი“. ბიულეტენის გატანა საარჩევნო უბნიდან ახლაც შესაძლებელია, უბრალოდ ახლა უფრო გართულებული იქნება.
რაც შეეხება ამომრჩეველთა „კარუსელს“, ეს თეორიულად შესაძლებელია, რადგან ელექტრონული აპარატები, რომელშიც სიაა ჩატვირთული, მოიცავს კონკრეტული უბნის სიას და არა მთელი ქვეყნის სიას, შესაბამისად, თეორიულად შესაძლებელია, რომ ადამიანი ერთ უბანზე მივიდეს და მისცეს ხმა და თუ მისი გვარი არის სხვა უბანზე, იქაც მისცეს ხმა“,- განაცხადა სიორიძემ.
ამასთან, მან ახალი სისტემით საარჩევნო ბიულეტენის დათვლის დროს შესაძლო გაყალბების ხერხებზეც ისაუბრა.
„აქ არის ერთი სივრცე, რითაც შესაძლებელია მანიპულირება მოხდეს, კერძოდ, როდესაც აპარატი აღიქვამს ბიულეტენს ბათილად, მაშინ ბიულეტენის ნამდვილობას კომისია წყვეტს. ასეთ დროს რჩება შესაძლებლობა, რომ კომისიამ ბათილი ბიულეტენი ნამდვილად ჩათვალოს და ნამდვილი ბათილად, შესაბამისად, შესაძლებელია განსხვავებული შედეგები დადგეს“,- განაცხადა სიორიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.