„ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებებიდან გამომდინარე, უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე, სამწუხაროდ, რეალურია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს და უნდა გააკეთოს, ვიდრე იარსებებს ბოლო შანსი, ხალხს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეუნარჩუნდეს.

„ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გვაქვს გაწეული და მომავალშიც გავწევთ. თუმცა, გასაგებია, რომ ეს, საბოლოო ჯამში, „ოცნებაზეა“ დამოკიდებული, რამდენად შეასრულებს ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის მოთხოვნებს, რაც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას უკავშირდება. საფრთხე არის, ამისი დიდი ალბათობა არსებობს, მაგრამ როგორც ქართულმა მხარემ, ისე ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ეს სანქცია ქართველ ხალხს არ შეეხოს და ვისაც ეკუთვნის, ვინც არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე მას შეეხოს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც თავად „ოცნება“ ქვეყანაში დემოკრატიას მიზანმიმართულად ანგრევს, ანგარიში ვერაფერს შეცვლის.

„ეს ანგარიში „ოცნებისთვის“ არაფერს არ ნიშნავს, საქართველოსთვის კი ნიშნავს. „ოცნებას“ აქვს იზოლაციონიზმის გაცხადებული პოლიტიკა და, შესაბამისად, „ოცნებისთვის“, როგორც რეჟიმისთვის, ევროკავშირის რეკომენდაცია და ანგარიში არაფერს ნიშნავს. ნებისმიერი ანგარიში, იმ გაერთიანების მხრიდან, რომელში გაწევრიანებაც გაქვს გაცხადებული, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ: „უკიდურეს შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა, დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია“.