ხაზარაძე-ჯაფარიძის შემთხვევაში პროკურატურამ გირაოს შესახებ განაცხადა, მაგრამ არ დაუზუსტებია, იქნება თუ არა წინასწარი პატიმრობა გამოყენებული სხვა პოლიტიკოსების მიმართ. „ოცნებისგან“ არაფერი გვიკვირს, მათი ლოგიკის ამოხსნა შეუძლებელია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოჩნდება, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი.

„ოცნებისგან“ გასაკვირი უკვე არაფერი აღარ არის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართული მიწის გამო გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღძრეს. დაველოდოთ. უშუალოდ სასჯელის ნაწილში, წინასწარი პატიმრობის ნაწილში პროკურატურამ სივრცე დატოვა. ხაზარაძე-ჯაფარიძის შემთხვევაში გირაოს შესახებ განაცხადა, მაგრამ არ დაუზუსტებია, იქნება თუ არა წინასწარი პატიმრობა გამოყენებული სხვა პოლიტიკოსების მიმართ. „ოცნებისგან“ არაფერი გვიკვირს, მათი ლოგიკის ამოხსნა შეუძლებელია. გამოჩნდება, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. საკმაოდ საფუძვლიანი მოსაზრებაა, რომ ეს შეიძლება იყოს მორიგი მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისგან“ მტრის ხატის და საფრთხობელას შექმნის. არ გამოვრიცხავ, ამჯერადაც ამასთან გვქონდეს საქმე. გაუგებარია, ვინ არის მტრული სახელმწიფო. პროკურატურა საუბრობს მტრული სახელმწიფოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე და ამ დროს არ ასახელებს, ვინ არიან მტრული სახელმწიფოები. პროკურატურამ უნდა განმარტოს, ვის გულისხმობს. ვხვდებით, ვის გულისხმობს – ჩვენს პარტნიორებს, ევროკავშირის ქვეყნებს. მართლაც მტრულ სახელმწიფოს – რუსეთს არ გულისხმობს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

კითხვაზე, – „„ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებს ქვეყნის წინააღმდეგ?“ – გიორგი შარაშიძემ განმარტა:

„ასეთი მოქმედებებიც გვინახავს. ამაზე საუბარი არ მინდა. მძიმე დღეა, მძიმე ბრალდებაა და თავს შევიკავებ. არაერთხელ გვინახავს, მათ შორის, ევროკავშირში სიარულით და, რეალურად, იქ უვიზო რეჟიმის შეწყვეტის მოთხოვნით. ეს მტკიცებულებები ჩვენ კი არ გვაქვს, საჯაროა, მაგალითად, მათი განცხადებები. შესაძლოა, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს იმის გარკვევას, რეალურად, რა მიზანი აქვს „ოცნებას“. დარწმუნებული ვარ, „ოცნებას“ არ აქვს მიზნად დასახული „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც შიშის ფაქტორის განადგურება. „ოცნება“ ამ ფაქტორს ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით დააბრუნებს. ეს ადამიანები საპატიმროში იყვნენ 4 ოქტომბერს, მაგრამ „ოცნებამ“ მშვენივრად მოახერხა ის, რაც მოახერხა. დამერწმუნეთ, ამ პოლიტიკოსების თუნდაც გარკვეული ვადით საპატიმროში დატოვება „ოცნებას“ არ შეუქმნის იმის ბარიერს, რომ გარკვეული მანიპულაციებით, პროპაგანდით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიშის ფაქტორით საზოგადოების დაშინება მაინც მოახდინოს “.

საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ – გირაოს, ხოლო სხვა ბრალდებულების მიმართ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.