„უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების და მათთან კავშირში მყოფი ლოიალური ჯგუფებისა და ორგანიზაციების მიერ კოორდინირებულად და კომბინირებულად ხდებოდა ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციების, მათ შორის, კიბეროპერაციების, ასევე საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენება. გასულ წელს დეზინფორმაციულ და პროპაგანდისულ კამპანიებში ჩართული იყვნენ როგორც გარე, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი აქტორები, რომელთა მიზანს კვლავ წარმოადგენდა საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზეგავლენის მოხდენა. ასევე, ადგილი ჰქონდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანების მცდელობას სტრატეგიულ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან“ - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა. 

"მიმდინარეობდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანისკენ და ომის თანამდევი ცალკეული პროცესების თაობაზე მოსახლეობაში პროტესტის ხელოვნურად გაღვივებისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიები. ამ კონტექსტში აღსანიშნავია უცხო ქვეყნების მოქალაქეების ე.წ. მასობრივი და უკონტროლო შემოდინების შესახებ წამოწყებული დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც აქტიურად ავითარებდა საქართველოში არსებული პოლიტიკური, თუ არა პოლიტიკური ზოგიერთი ჯგუფი. ასევე, ადგილი ჰქონდა საზოგადოებაში შიშისა და პანიკის გავრცელების მცდელობებს შემოსულ პირთა შორის თითქოსდა ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფებისა და საფრთხის შემცველი სუბიექტების არსებობის შესახებ. განსაკუთრებით მწვავე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემების წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაციული განცხადებები, რაც რეალურად ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს დაზიანებას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცესი დღესაც გრძელდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან პროაქტიურ რეჟიმში შემდგარი კომუნიკაციისა და დეტალური ინფორმაციის, მათ შორის მტკიცებულებების მოთხოვნის მიუხედავად, პროცესში მონაწილე მბრალდებელ შიდა და გარე ჯგუფებს არ წარმოუდგენიათ არავითარი მტკიცებულება. აღნიშნული კამპანია ცალსახად წარმოადგენდა საქართველოს წინააღმდეგ მიზნამიმართულ პროვოკაციას. კიდევ ერთხელ მსურს, აღვნიშნო, რომ მსგავსი კამპანიები რეალურად მიმართული იყო ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ და ემსახურებოდა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების მიმართ მოსახლეობის ინტერესის შემცირებას, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხო გარემოს დაზიანებას“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.