დღეს, ფაქტობრივად, არჩევნებიდან უკვე მეშვიდე დღეა. ყოველდღიურად ვისმენთ ახალ ბრალდებებს, ყოველდღიურად ვისმენთ ახალ დეზინფორმაციულ ნარატივებს იმის თაობაზე, რომ შეივსოს ის დასკვნა, რომელიც იმთავითვე გაჟღერდა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, - განაცხადა გადაცემა „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, ამ მიზნით, ყოველდღიურად ახალ ტენდენციებს კვეთენ სხვადასხვა დაინტერესებული, ჩართული მხარეები ამ საკითხთან მიმართებაში.
„რა თქმა უნდა, ინსტიტუცია არ დატოვებს ასეთ არცერთ შემთხვევას ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან და საჯაროობიდან გამომდინარე უყურადღებოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური, ვერიფიცირებული და სწორი ინფორმაცია.
რაც შეეხება საარჩევნო დავებს, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ საარჩევნო პროცესის და სამართლებრივი შესაძლებლობა იმისა, რომ თუ რაღაც საკითხი ვერ მოგვარდა, ვერ გამოსწორდა, ეს იქნება კენჭისყრის დღეს თუ სხვა ეტაპზე და დონეზე კომისიის, რომ მიემართოს შესაბამის სამართლებრივ გზებს. ასეთ შემთხვევაში, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საკითხები პირველ ეტაპზე საჩივრდება საოლქო საარჩევნო კომისიებში, რომლებიც დაახლოებით ათასზე მცირედით მეტია წლევანდელ წელს“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
მისი განმარტებით, საერთო ჯამში არის 1 100-ზე ცოტათი მეტი საჩივარი, მაგრამ რეალურად, დინამიკაში თუ შევხედავთ, 2020 წელსა და 2021 წელს შორის მნიშვნელოვანი კლებაა.
„მაგალითად, 2020 წელს იყო 2 054 საჩივარი, 2021 წელს იყო 1 840 საჩივარი და წელს გვაქვს, დაახლოებით 1 100-ზე ცოტათი მეტი. მუნიციპალური არჩევნები, რა თქმა უნდა, არ ჩამოუვარდება ადმინისტრირების სირთულის თვალსაზრისით საპარლამენტო არჩევნებს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია რაოდენობის კლებასთან ერთად მეორე კომპონენტი - ეს არის თავად საჩივრების შინაარსი, იმიტომ, რომ რაოდენობა არ განსაზღვრავს იმთავითვე, არ არის ინდიკატორი იმისა, რომ აპრიორი იქ დარღვევაა. ეს არის მომჩივანი მხარის მიერ მოსაზრება, წარმოდგენილი, დაფუძნებული რაღაც მტკიცებულებებზე, ფაქტებზე, სამართლებრივ შეფასებებზე, რომლის თანახმადაც ის თვლის, რომ შესაძლოა იქ იყოს რაიმე ტიპის დარღვევა. მაგალითად, ჩვენ თუ ვნახავთ 47 საჩივარს, საერთოდ მოთხოვნაც კი არ არის დაყენებული. მაგალითად, ჩვენ თუ ვნახავთ 151 საჩივარს, ვნახავთ, რომ სხვადასხვა ტიპის ქმედებების განხორციელებაზეა დაყენებული მოთხოვნა. ჩვენ თუ ვნახავთ სხვა ტიპის საჩივრებს, იმთავითვე ვნახავთ, რომ რიგ შემთხვევებში განუხილველად დარჩა ან რიგ შემთხვევებში არ დაკმაყოფილდა, თუმცა, რა თქმა უნდა, სადაც კი მტკიცებულებაზე დაფუძნებული საჩივრები იყო წარმოდგენილი, შესაბამის დაკმაყოფილებას ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.