უცხოეთში, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩეველი არის საფუძველი იმის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინსტიტუციას მომართოს საარჩევნო უბნის შექმნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, შესაძლებლობა აქვთ კენჭისყრის დღემდე, არაუგვიანეს მე-19 დღისა, მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, იმ უბნებს, რომელიც შექმნილი იქნება შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გაიარონ სათანადო რეგისტრაცია.

აუცილებელია შევახსენოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბანი იქმნება დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. ასეთია ქართული გამოცდილება, ასეთია ქართული საკანონმდებლო მოწესრიგება და ასეთია გლობალურად საკითხთან დაკავშირებით მიდგომა იმ ქვეყნებში, რომლებიც ქმნიან საარჩევნო უბნებს უცხოეთში მათი თანამემამულეების არჩევნებში მონაწილეობის კუთხით.

მინდა ვთხოვო ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ ნუ შევიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს შეცდომაში. ჩვენ ვაკეთებთ მთელ საინფორმაციო კამპანიას, რომ მაქსიმალურად დიასპორებში განხორციელდეს სარეკლამო რგოლების განთავსება და წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო აქტიურები ვიქნებით, რადგან საზოგადოების სწორად ინფორმირება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.