ჯერ არ არის შემთხვევა, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარედგინოს პარტიული სია და ახლა უკვე ეს შესაძლებლობაც არის, რომ ოფისიდან გაუსვლელად წარადგინონ სიები, რაც მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საქმეს, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.

"დღევანდელი სიახლე უკავშირდება პოლიტიკური პარტიებისთვის შესაბამისი შესაძლებლობის შექმნას, რომ აირჩიონ და, სურვილის შემთხვევაში, მატერიალური სახით, კვლავინდებურად ტრადიციულად წარმოადგინონ პარტიული სიები, მაგრამ ამ სიახლის ფარგლებში ჩვენ შევქმენით შესაბამის ელექტრონული მართვის პროგრამაში მოდული, რომელიც მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობას აძლევს, პარტიული სიები ელექტრონულად წარადგინონ“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, 26 სექტემბერი არის ბოლო ვადა, როცა შესაბამის რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს აქვთ უფლებამოსილება, პარტიული სიები წარადგინონ.

„შემდეგ უკვე არის რამდენიმედღიანი ხარვეზის დადგენის პროცედურები, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ხარვეზი იარსებებს. ხდება ხარვეზის დადგენა, შემდეგ ამ ხარვეზის გამოსასწორებლად პოლიტიკურ გაერთიანებას მიეთითება დრო. რა თქმა უნდა, ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული. პოლიტიკურ პარტიას ელექტრონული ხაზი თუ აქვს არჩეული, ასეთ შემთხვევაში ყველა პროცედურა ელექტრონულად განხორციელდება, ხოლო მატერიალური სახე თუ აქვს არჩეული, ასეთ შემთხვევაში მატერიალურად განხორციელდება. ალბათ დაახლოებით 1-ელი ოქტომბრისთვის ჩვენ გვექნება სრული სურათი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.