ზოგადად, ფოტო-ვიდეო გადაღება დაშვებულია საარჩევნო უბანზე, ოღონდ, იქ არის რამდენიმე გარემოება, – ასე უპასუხა, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, აქვს თუ არა „ლელოს“ თავისი ინიციატივის განხორციელების უფლება, რაც გულისხმობს საარჩევნო უბნებზე მაღალტექნოლოგიური კამერების განთავსებას ვიდეო მონიტორინგისთვის.

„კენჭისყრის შენობაში როდესაც ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, ვისაც აქვს იქ ყოფნის უფლება, უფლებამოსილ პირებს, რომელიც შეიძლება, იყოს დამკვირვებელი, პარტიის წარმომადგენელი, მედიის წარმომადგენელი და ასე შემდეგ. ათ წუთზე მეტი თუ აპირებს ვინმე, რომ პროცესი გადაიღოს, ასეთ შემთხვევაში მათ ეს უკვე სტაციონალურად უნდა განახორციელონ. სტაციონალური გადაღება შესაბამისი რეგულაციის მიხედვით გულისხმობს და ნიშნავს იმას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა მიუთითოს მათ ადგილი იმგვარად, რომ ეს სტაციონალური გადაღება მიმართული იყოს და ჩანდეს საარჩევნო ყუთი და არცერთ შემთხვევაში ფოტო-ვიდეო გადაღება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ დაირღვეს პერსონალური მონაცემები, უკანონოდ დამუშავდეს პერსონალური მონაცემები და ასე შემდეგ. მათ შორის, ასევე, აუდიო-ვიდეო გადაღების კომპონენტის არის შეზღუდული, რა თქმა უნდა. შესაბამისად, თუ ნებისმიერი ამის მსურველი პირი გადაწყვეტს, რომ ამ რეგულაციების შესაბამისად განახორციელოს პროცესის მონიტორინგი, რა თქმა უნდა, მათ აქვთ ამის შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

შეკითხვაზე, მიმართა თუ არა „ლელომ“ ცესკო-ს აღნიშნული ინიციატივით ხმაურიანი განცხადების ფონზე, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანხმდება.

„ეს არის საკითხი, რომელშიც ყველა ჩართული მხარე არის თავისუფალი. ეს არის მათი არჩევანი. ეს არის მათი გადაწყვეტილების ნაწილი. ჩვენი მოწესრიგების საკითხი და უფლებამოსილების ფარგლები შემოდის მაშინ, თუ ფოტო-ვიდეო გადაღება ხორციელდება ცესკო-ს შესაბამისი მარეგულირებელი აქტის დარღვევით. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, ეს იქნება მითითება სწორად გადაღებასთან დაკავშირებით, თუ სხვა ქმედებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ ასევე კანონის შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, თუნდაც, იგივე საგამოძიებო უწყებისთვის მტკიცებულებად გამოდგეს „ლელოს“ მიერ გადაღებული მასალა, თუ ასეთი საჭიროება დადგა, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ როგორც პროკურატურის შუალედური ანგარიშიდან მოვისმინეთ, რეალურად, ვერც ერთი ბრალმდებელი მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები.

„იყვნენ გამოკითხვაზე, როგორც ჩვენთვის საჯაროდ არის ცნობილი, მაგრამ რეალურად, ამ ბრალდებების დასადასტურებლად ვერანაირი ხელშესახები მტკიცებულება და ფაქტი ვერ იქნა წარდგენილი, რომელიც დაადასტურებდა ამ ბრალდებების უტყუარობას, რაც თავის მხრივ, გვაძლევს იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ იმთავითვე, ეს ბრალდებები იყო უსაფუძვლო. ეს ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ დისკრედიტაციას, შედეგებთან მიმართებაში კითხვის ნიშნების გაჩენას და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება, ეს ყველაფერი იყოს გამოყენებული სამართლებრივ მტკიცებულებად, რა თქმა უნდა, ცალკე შეფასების საგანია. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ის, რაც უბანს ეხება, განიხილება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიებში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა დადგინდეს ვალიდურობა და ავთენტურობა შესაბამისი ვიდეო ჩანაწერის, მეორე, რამდენად ეს ყველაფერი იმ საქმის მასალებისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს. ამიტომ, ეს ყველაფერი არის შეფასებითი, რასთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები იმსჯელებენ, განიხილავენ და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. წინასწარ, ბუნებრივია, რამე მტკიცებით ფორმაში თქმა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.