მას შემდეგ რაც გააყალბა, მოიპარა არჩევნები და მოკლა ქვეყნის ევროპული მომავალი, რა თქმა უნდა, „ოცნებამ“, როგორც აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი, მიიღო სამართლიანი პროტესტი მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს პროტესტი გრძელდება ხუთი დღეა და ხუთი დღეა „ოცნება“ სამართალდამცავი სისტემის დახმარებით ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე. - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს ყველა ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეებს დასაცავები გვყავს ის ადამიანები, რომლებიც „ოცნებამ“ უკანონოდ დააკავა და დღეს ბევრ მათგანს ვერ ვპოულობთ უბრალოდ იმიტომ, რომ არ არის სახელმწიფოში ამდენი წინასწარი დაკავების იზოლატორი. ეს ადამიანები ზოგჯერ მანქანაში ათენებენ ღამეს, მაგალითად ერთი ჩვენი მეგობარი ვიპოვეთ ზესტაფონში, მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან ეს ადამიანები გაფანტულები, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ მათი დიდი ნაწილი ფიზიკური ძლადობის დაზიანებებით ტოვებენ კლინიკას ან იზოლატორს. ე.ი. პირველი ჩვენ ვინც გვყავს დასაცავი - ეს არიან ის ადამიანები, ვინც დაიჭირეს. პირველ რიგში უნდა მოვითხოვოთ ამ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება, რადგან მათზე სახელმწიფო ფიზიკურად ძალადობს.
მეორე დიდი ჯგუფი ჩვენი მოქალაქეების ეს არიან საჯარო მოხელეები, რომლებმაც გაბედეს და გამოთქვეს თავიანთი სამართლიანი პროტესტი დღევანდელი „ოცნების“ პოლიტიკის მიმართ და მათ დღეს თავს ესხმიან, ემუქრებიან, აიძულებენ დატოვონ სამსახური. ეს ადამიანებიც აუცილებლად გვყავს დასაცავი.
საბოლოო ჯამში, უსამართლო სისტემამ, რომელიც ძალადობს როგორც ფიზიკურად ქუჩაში დემონსტრატებზე, რომლებიც გაბრაზებას გამოხატავენ, ასევე საჯარო მოხელეებზე, რომლებმაც თავიანთი პოლიტიკური აზრი გამოთქვეს. საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ ჩვენ გვაქვს დღეს აბსოლუტურად მოძალადე სისტემა, რომელიც ძალადობს ქუჩაშიც და ძალადობს საჯარო მოხელეებზე.
მე მინდა ახლა მივმართო საჯარო მოხელეებს, ყველა მათგანს, რომელმაც გაბედა და გამოთქვა თავისი განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრის უფლება ხომ გვაქვს ყველა ჩვენგანს, მიუხედავად იმისა, ჩვენ საჯარო მოხელე ვართ და ბიუჯეტიდან ვიღებთ ხელფასს თუ არა. ეს ადამიანები ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იღებენ ხელფასს, თქვენ ვალდებული ხართ ყოველთვის გამოთქვათ თქვენი აზრი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს აზრი ემთხვევა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის აზრს.
მე მინდა მივმართო იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ჯერ თავიანთი აზრი არ დაუფიქსირებიათ. ნუ შეგეშინდებათ იმ ვაი პოლიტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კარგიაო და სისტემა გაიწმინდებაო, 12 წელი ვერაფერი ვერ გააკეთეს, დღეს თურმე კი ამ კონფლიქტს და სისტემურ კრიზისს იყენებენ ამისთვის.
რაც უფრო მეტი საჯარო მოხელე იქნება, რომელიც გამოთქვამს თავის განსხვავებულ აზრს, მით უფრო დაცულები იქნებით თქვენ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ გიცავთ როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით. ჩვენ გვაქვს დღეს შანსი დავიწყოთ და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები საჯარო სექტორის დეპოლიტიზირების მიმართულებით იმიტომ, რომ საჯარო სექტორი, ერთხელ და სამუდამოდ, იყოს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი.
დღეს ყველაზე მთავარია დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც არიან უკანონოდ დაკავებულები და დავიცვათ ის ადამიანები, ის საჯარო მოხელეები, რომლებსაც დღეს ემუქრებიან თავიანთი ხელმძღვანელები და ვაი პოლიტიკოსები სხვადასხვა მეთოდებით და ხერხებით.