სააკაშვილი თვალსა და ხელს შუა ქრება და ამ გაქრობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის მომავალი ბუნდოვანი ხდება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„პრეზიდენტი სააკაშვილი თვალსა და ხელს შუა ქრება და ამ გაქრობასთან ერთად ჩვენი ქვეყნის მომავალი ძალიან ბუნდოვანი ხდება. დღეს ის დღეა, როდესაც დაფიქსირებული უნდა იყოს ქვეყნის მომავალი, ან უნდა დავბრუნდეთ რუსეთის ორბიტაზე ან უნდა გავიდეთ ევროკავშირის გზაზე. სამწუხაროა რეალობა არის ის, რომ ამ გზაზე შეფერხება გვაქვს და ეს შეფერხება ერთი ადამიანის ერთი გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს.

ვინც საღად აზროვნებს, ვინც ადეკვატურად აღიქვამს მოვლენებს, შეუძლებელია მათში იწვევდეს ორჭოფობას ის სავალალო მდგომარეობა, რაც არის. ორჭოფობს ის მცირე ნაწილი, ვისი დავალებაც არის ნებისმიერ ფასად პრეზიდენტი სააკაშვილი დაჩაგრონ. სასამართლოშიც კი ვერ თქვეს ღიად, რომ სიმულანტობს, გარდა 1-2 ადამიანისა, „კაკებეშნიკები" არიან, ვინც ჩვენება მისცეს (ურთმელიძეზე ვსაუბრობ). სააკაშვილის მიერ ავადმყოფობის მოგონება ეს არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომელიც გადათარგმნილია იმ კადრებით, რომელიც გავრცელდა. აჩქარებული კადრები რას ემსახურებოდა მე არ ვიცი“, - განაცხადა ჩალაძემ.