ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეროვნული ბანკის მიერ ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების დაყადაღების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს ანგარიშები იმიტომ დაუყადაღა, რომ ეს ბანკებისთვის სასიცოცხლო საკითხია.
მისი თქმით, თუ ბანკები ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდნენ, ისინი საერთაშორისო სისტემის ნაწილნი არიან და შესაბამისად, ან იქიდან გაითიშებოდნენ, ან მათ დაეკისრებოდათ შესაბამისი სანქცია.
„ამით არავინ არ უნდა მოტყუვდეს, ივანიშვილის რეჟიმის სახე ჩანს იმ რიტორიკაში, როდესაც ფარცხალაძეს ღიად და უტიფრად იცავენ. ყველა მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ ერთადერთი დასკვნა - გამოძიების მოთხოვნა და რამე მოლოდინი არაფრის მომტანია ამ შემთხვევაში, ფარცხალაძე მათი სახეა.
ამ რეჟიმის მთლიანად დემოკრატიული გზით გამოცვლა უშველის საქართველოს ისტორიის ამ ძალიან სახიფათო და მნიშვნელოვან მომენტში“ - თქვა გიგა ბოკერიამ
შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე