პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში შექმნილი წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე თუ დაიბარებენ, არ გამოცხადდება და "კლოუნადაში" მონაწილეობას არ მიიღებს. 

" კითხვა დამისვეს, დაგიბარეს თუ არაო და ჯერჯერობით მე არ გამიგია, არც მომსვლია [შეტყობინება]... მგონი, არავის მისვლია, მაგრამ საჯაროდ ახსენეს რამდენიმე გვარი წინა ხელისუფლებიდან და მე არ ვუხსენებივართ. 

მე თუ არ მახსენებენ და არ დამიბარებენ ამ კომისიაზე, ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე აგრესიული მომხრეების თვალშიც კი დასაცინები გახდებიან. მე თუ არ მიბარებენ, აბა, რაზეა ხომ საერთოდ ლაპარაკი?

არა იმიტომ, რომ ჩემს როლს ვუსვამ ხაზს წინა ხელისუფლების დროს - ამ შემთხვევაში ამას ან რაიმე განსაკუთრებულობას არ ვგულისხმობ, - უბრალოდ, მათი პროპაგანდა წლების განმავლობაში, ჩემი გვარის რეჟიმად იხსენიებდა, ტყუილ-მართალში აზელილ პოლიტიკურ ბრალდებებსა და მთლიანად სიცრუეზე დამყარებულ კონკრეტულ ბრალდებებს ისროდა. ამას დღემდე აგრძელებენ სხვადასხვა დოზით

ამ დროს თუ მე არ მეძახით მაგ კომისიაზე, ანუ პირდაპირ თქვენით აცხადებთ, რომ ეს კლოუნადაა და სხვა მოსაზრებებით არჩევთ ამას - ხოლო თუ დამიბარებენ, აქვე დავაფიქსირებ რა თქმა უნდა, დემონსტრაციულად ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმურ პარლამენტში მონაწილეობას არ მივიღებ. ლეგიტიმურიც კი რომ ყოფილიყო, - ან ასეთი მკაფიო არ ყოფილიყო მათი არალეგიტიმურობა მაინც არ მივიღებდი მონაწილეობას".- თქვა გიგა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას“ თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. კომისიამ უკვე მოუსმინა რამდენიმე ადამიანს. 

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 21 თებერვლის სხდომაზე სავარაუდოდ მოწვეული იქნებიან ზურაბ ჭიაბერაშვილი, ნათია მოგელაძე და ლევან გაჩეჩილაძე - ბათუ ქუთელია და სხვა პირები, ეს მომავალი კვირის სამუშაო თემა იქნება.

რასაც ზურაბ ჭიაბერაშვილმა უპასუხა: "არ ვაპირებ სტალინურ სასამართლოში მონაწილეობას იმის გამო, რომ მისი მიზანი ისტორიის გადაწერის მცდელობაა და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ"