"ევროპული საქართველო" აუცილებლად მივიჩნევთ, რომ საზოგადოებისთვის ნათელი იყოს, როგორია ჩვენი პოზიცია საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით, ჩვენი ეროვნული, ისტორიული მისია, რასაც თაობები შეეწირა არის ისტორიული შანსის გამოყენება და ევროატლანტიკურ ერთა თავისუფალ ოჯახში საქართველოს დაბრუნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია მზად უნდა იყოს სწრაფი ნაბიჯების გადასადგმელად, რომელიც აუცილებელია ეროვნული მისიის შესასრულებლად.
„ამოცანა ვერ შესრულდება, თუ ივანიშვილის რეჟიმი დამარცხებული არ იქნება. ამ ამოცანის შესრულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიყოთ მზად ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად იმ სწრაფი ნაბიჯების გადასადგმელად, რომელიც აუცილებელია ჩვენი ეროვნული მისიის შესასრულებლად. ამ ამოცანის შესრულებას სჭირდება საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის მყარი ნების დაფიქსირება არჩევნებზე. „ევროპული საქართველო“ აუცილებლად ვთვლით, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მკაფიოდ ხედავდეს, რომ ამ სამარცხვინო პუტინისტური რეჟიმის ალტერნატივა არ არის დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის გარემოცვა, ის ძალა, სადაც თამაშის წესები აშკარად ემსგავსება ივანიშვილის რეჟიმის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ოლიგარქიულ თამაშის წესებს, სადაც ბელადი სააკაშვილი და დონორი კეზერაშვილი თავისი ახირებით წყვეტენ, როდის და ვინ იქნება ლიდერი, როგორ გადაანაცვლონ, რა პოზიცია დაიკავოს ამ პარტიამ. ჩვენ ამ ძალის მთავარ ალტერნატივად წარმოჩენა მიგვაჩნია სტრატეგიულ საფრთხედ ჩვენი ეროვნული ამოცანების შესასრულებლად“, – განაცხადა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას განცხადებით, საჭიროა, რომ დაიწყოს კონსულტაციები.
„ევროპული საქართველო“ საჭიროდ ვთვლით, დავიწყოთ კონსულტაციები ყველა იმ პოლიტიკურ ოპოზიციურ პროდასავლურ ძალასთან, რომელიც მკაფიოდ ემიჯნება ამ თამაშის წესებს, არამარტო პუტინისტურ მოღალატეობრივ რეჟიმს ივანიშვილისა, არამედ მის ალტერნატივაში მასთან მიმსგავსებული ოლიგარქიული თამაშის წესების დამკვიდრების იმ სახიფათო ტენდენციას, რასაც ვხედავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ვთვლით, რომ მოვიდა მომენტი, როდესაც ეს კონსულტაციები უნდა შევიდეს იმ ფაზაში, როცა მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, ამ პროცესში შესულები ვართ ამ ამოცანით უნდა შეიქმნას იმ ტიპის სიმძიმის ცენტრი საარჩევნო კამპანიისა, რომელიც მოქალაქეებს დაანახებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად რეფორმები იქნება შეუქცევადი, გამორიცხავს ერთი ადამიანის ან დონორის, თუნდაც ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში ძალაუფლების ზეკონცენტრაციას, თუნდაც ეს არ იყოს მოღალატეობრივი რეჟიმი, რომელთანაც დღეს საქმე გვაქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.