როცა საქართველოს ელჩი გაგყავს ასეთი ინტენსიური პოლიტიკური შეტევით, მათ შორის, ოპოზიციის მიტინგზე გამოსვლით, რომ ხელისუფლება სხვა არის და ხალხი სხვა, რასაკვირველია, თემა არის დესტაბილიზაცია და იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელიც რეალურად ჩაერთვება საომარ მოქმედებებში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ, სავარაუდოდ, ხელისუფლება კიევის ულტიმატუმს არ შეასრულებს და სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ინტერესების დასაცავად და იქნება თუ არა ეს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ჭკვიანურად უნდა იმოქმედოს, რათა ქვეყანა აარიდოს ჯახს, რომელიც მიმდინარეობს.

„პირდაპირ საუბრობენ, ხომ? რატომ გააქრეს ვანო მერაბიშვილი, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა დროშით ხელში, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ საომარ მოქმედებებში, რომ ძალიან ცუდია, უკრაინის რომ არ ვუჭერთ ასე მხარს. ანუ, სიგნალი მისცა, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, მოვალთ და ამას გავაკეთებთო. აქეთ სააკაშვილი, რომელიც, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავდა კეზერაშვილს, რომ მას თავისი როლი უნდა ეთამაშა, მომაკვდავის, და შეიკრა წრე – აქეთ უკრაინა, რომელმაც ელჩი გაიყვანა საერთოდ გასაგები, მაგრამ გაუგებარი მიზეზით და იქით ევროპა, რომელიც ორჭოფობს.

ყველას საკუთარი ინტერესები გააჩნია. საკუთარი ინტერესები გააჩნია უკრაინასაც, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და, რასაკვირველია, ამ დაპირისპირებაში საქართველოს ხისტი მონაწილეობა მისთვის იქნებოდა გარკვეული, ასე ვთქვათ, შეშველება. რუსეთს საკმაოდ ბევრ პრობლემას შევუქმნიდით, მაგრამ ჩვენ, პრაქტიკულად, გინდ ეკონომიკურად და გინდ ფიზიკურად, ძალიან დიდი ხნით ბნელი მომავალი დაგვიდგებოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.