ვიღაცამ ჩათვალა ეტყობა რომ ხელაღებით შეიძლება კეთება იმის, რაც აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს. მეორე და მთავარი საკითხი, ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა ყველაფერი, პირდაპირ ეთერში დანაშაულის ჩადენა, თავისთავად კიდევ დამატებით ეჭვებს წარმოშობს, დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება იქნება ეფექტური, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„არ არსებობს გარემოება, როდესაც ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ერთმანეთს მხარი არ უნდა დაუჭირონ, სოლიდარობა უნდა გამოაცხადონ და მაგალითი უნდა მისცენ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ არსებობს რაღაც გარკვეული საკითხები, როდესაც ერთმანეთთან დაპირისპირება საზოგადოებისთვის არის ცუდი. არც ერთი ასეთი ფაქტი არ იქნა დაგმობილი მაშინ, როდესაც ამას ითხოვდა შექმნილი გარემოება, გინდ საზოგადოებრივ მაუწყებლის წარმომადგენელზე თავდასხმა და გინდ ის წარმოუდგენლად ბრუტალური, საშინელი თავდასხმა და ზეწოლა რომელიც მოახდინეს იმედის გადამღებ ჯგუფზე. დღესაც მიმდინარეობს ინტენსიური ზეწოლა, ფსიქოლოგიური შეტევა, ბულინგი „იმედის“, რომელსაც რაღაც გარკვეული თავისი პოლიტიკური გემოვნება და მოსაზრება გააჩნია, ისევე როგორც ყველა მაუწყებელს. როდესაც თავიდან არ არის დაგმობილი ეს და როდესაც თავიდანვე ამ საკითხს აქვს მწვანე შუქი ანთებული გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებისგან, ეს ყოველთვის მოიტანს მძიმე შედეგს. ვიღაცამ ჩათვალა ეტყობა რომ ხელაღებით შეიძლება კეთება იმის, რაც აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს. მეორე და მთავარი საკითხი, ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა ყველაფერი. ძალიან ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს, გამოძახება, შეტყობინება, იქ ადგილზე გაჩენა, შეჯახება, უწყვეტი კადრით გადაღება, უცბად ვიღაცის გაჩენა, ვინც თავიდან ბოლომდე ყველაფერს იღებს და ამ დროს არაფერი ამასთან დაკავშირებით მოძალადეს არავითარი რეაქცია და ა.შ. პირდაპირ ეთერში დანაშაულის ჩადენა, თავისთავად კიდევ დამატებით ეჭვებს წარმოშობს. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება იქნება ეფექტური“, – განაცხადა ვოლსკიმ.