მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლების სათავეში ყოფნის პერიოდში დიდი ბოროტება დატოვა. ფაქტია, რომ აქციაზე ბევრი ვერ შეიკრიბნენ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ზოგადად აქცია, რომელსაც ხაბეიშვილი და ნებისმიერი სხვა ადამიანი ატარებს სწორედ იმ მიზნით, რასაც ჰქვია შერყევა და სააკაშვილის ფაქტორის გარშემო საზოგადოების გაერთიანება, საქართველოში სტაბილურობის შერყევას ემსახურება, რასაკვირველია, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს. ფაქტია, რომ ბევრი ვერ შეიკრიბნენ. თავად ხაბეიშვილი გაუგებარი ფიგურაა. ის არანაირად არ შეიძლება იყოს განხილული კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის თუ სხვა პიროვნების ინტერესის გამტარებლად, ის ცდილობს თავისი ინტერესი გაატაროს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები დასრულდა. აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერა თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე გამოხატეს.
სოლიდარობის პროტესტის მონაწილეების ნაწილი მშვიდობის ხიდთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი - „მიშას სიცოცხლისთვის" გადმოფინეს.
ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებით, მოქალაქეები შეიკრიბნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, რის შემდეგაც მსვლელობით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლეს.