გუბაზ სანიკიძე მიჩანჩალებს და უნდა, იმ პროცესებს დაეწიოს, რომელიც ჩალაძემ დააანონსა – რევოლუცია, შეჯახება. იქ ვიღაც ტანკისტებიც გამოჩნდნენ, თურმე ქვეყანას უნდა გადაუარონ ტანკებით და თან აფხაზეთიდან უნდა შემოვიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ასეთ დამანგრეველ პროცესებს არც სახელმწიფო დაუშვებს და არც ხალხი. ფაქტია, რომ დღეს შეფარული საუბარი აღარ არის, რადგან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან უკვე სააშკარაოზე გამოსვლის პროცესს აქვს ადგილი. „ნაცმოძრაობის“ მთელი სპიკერატი საუბრობს, რამდენად დემოკრატები არიან და პროდასავლურები, დღეს კი, ყველა ამ პრინციპის უგულებელყოფით აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი – ომია. რასაკვირველია, ამაზე შეიძლება გავიცინოთ და დავცინოთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ საქართველოში ომის პარტიის რაღაც ფრთა ჩამოყალიბდა, რომელსაც თუ არა უსამშობლო მოღალატეები, სხვა არაფერი ეწოდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის რეალური საფრთხე დადგება თუ არა, „ქართული ოცნება“ ქუჩაში მიიღებს იმ პროტესტს, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს. მისივე განცხადებით: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.