გონჩარენკოები და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, დაპირისპირებაში შევიდეთ. უკრაინის მხარდამჭერ 600 დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, გონჩარენკოები უმადურები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მავნებლები სწორედ გორჩარენკოს იდეებით ცხოვრობენ და არ მოსწონთ, რომ ქვეყანა საფრთხის ქვეშ აგრძელებს განვითარებას.

„მცდელობაა, რომ რუსეთისკენ სვლის ტრენდი დაინერგოს, მაგრამ დღევანდელი ვითარება განსხვავებულია ძველი პროპაგანდისტული ფანდებისგან. 13 წლის განმავლობაში საქართველომ რომელი ნაბიჯი გადადგა ისეთი, რომელიც რუსეთს უპირატესობის მოპოვებაში ხელს შეუწყობდა, განსხვავებით იმ ხელისუფლებისგან, რომელიც 2012 წლამდე იყო და რომელსაც ასე გააფთრებით იცავენ, მათ ხელისიფლებაში დაბრუნებას ლამობენ, ევროსაბჭოში თუ სხვა ფორმატებში? საქართველომ რომელი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც წინააღმდეგია დასავლური იდეების და პოლიტიკის სამხრეთ კავკასიაში? საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და დამიზნებული გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმადის იარაღი. ყოველდღე ამ დაძაბულ ვითარებაში ვცხოვრობთ და მაინცდამაინც გონჩარენკოები და მისი ქართველი მხარდამჭერები გვიკიჟინებენ, რომ ისეთ დაპირისპირებაში შევიდეთ, რომელიც საქართველოში ნგრევას გამოიწვევს. ოკუპირებული ქვეყანა ვართ და დამიზნებული გვაქვს სარაკეტო კომპლექსები.

არავინ იცის, როგორ განვითარდება პროცესები უკრაინასთან მიმართებით. საქართველომ ჰააგის ტრიბუნალს არაერთ ქვეყანასთან ერთად მიმართა გამოძიების ჩატარების ტემპის თაობაზე. ამ მიმართვას ხელი საქართველომ მოაწერა და არა მოლდოვამ. ამაზე მეტი ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს, რომელიც განვითარებას იარაღის და საფრთხის ქვეშ აგრძელებს? მავნებლები თავიანთი მედიასაშუალებებით ქვეყანას უტევენ და ვიღაც სულელი გონჩარენკოს სიტყვებზე არიან აყოლილი. ეს ადამიანი უკრაინაში რუსულ ინტერესებს ატარებდა. ის უკრაინაში ეზიზღებათ და საქართველოში შეუყვარდა „ფორმულას“. თქვენ, ყველანი, გონჩარენკოები ხართ. სწორედ ის ითხოვდა ომში ჩართვას და მას უკრავდნენ ტაშს რუსთაველის გამზირზე, ცეცხლი რომ გახსნილიყო. საქართველოში მავნებლები სწორედ გორჩარენკოს იდეებით ცხოვრობენ. საქართველო საფრთხის ქვეშ აგრძელებს განვითარებას და გორჩარენკოებს სწორედ ეს არ მოსწონთ. რა ტრიბუნალზე მოაწერეს ხელი? რისი გამოკეთებელია გორჩარენკო? უკრაინა სისხლში იხრჩობა და ინგრევა. ახალგაზრდა თაობა გაწყვიტეს და ახლა საქართველოს ეომებიან, რომელიც გამოწვევების ქვეშაა. საქართველომ უკრაინის მხარდამჭერ 600 დოკუმენტს მოაწერა ხელი, გონჩარენკოები უმადურები არიან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომ საქართველომ მხარს არ დაუჭირა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას.