26 მაისი გამაერთიანებელი დღეა, ყველამ უნდა იზეიმოს, კარგ განწყობაზე იყოს და ახსოვდეთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საკმაოდ რთული პერიოდის შემდეგ ფეხზე დადგა, ვითარდება და მძიმე გამოწვევებისას სტაბილურობა შეინარჩუნა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „არანაირი ღონისძიება კანონიერებას არ უნდა გასცდეს, თორემ აქციის ჩატარება 26 მაისსაც შეიძლება და მას შემდეგაც“.

„რასაკვირველია, სამხედრო ღონისძიება ჩატარდება, ახალწვეულები ფიცს დადებენ თავისი ქვეყნის ერთგულებაზე. ვფიქრობ, არანაირი ღონისძიება კანონიერებას არ უნდა გასცდეს, თორემ აქციის ჩატარება 26 მაისსაც შეიძლება, მას შემდეგაც და მანამდეც. უბრალოდ, გარკვეული კანონებია, რომელიც დაცული უნდა იყოს. აზრის გამოხატვის თავისუფლება არავის შეუზღუდავს. საპროტესტო აქციაზე ევროპარლამენტარებიც ვიხილეთ და საგარეო საქმეთა მინისტრებიც. მათთვის აქციაში მონაწილეობაზე ხელი არავის შეუშლია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ მათ ახალგაზრდებს სისხლისღვრისკენ პირდაპირ მოუწოდეს. რასაკვირველია, ეს დაშვებული არ იქნება. სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ არ შემშრალა ის სისხლი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მთავრობამ რუსთაველის გამზირზე დაღვარა, ისეთი გამწვავება დავუშვათ, რაც ქვეყანას დააზიანებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.